[go: up one dir, main page]

შინაარსზე გადასვლა

მიფუნე ტოსირო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტოსირო მიფუნე

ტოსირო მიფუნე
დაბადების თარიღი 1 აპრილი, 1920
ცინდაო, ჩინეთი
გარდაცვალების თარიღი 24 დეკემბერი, 1997 (77 წლის)
მიტაკა, იაპონია
აქტიური 1947–1995

ტოსირო მიფუნე (იაპ. 三船 敏郎; დ. 1 აპრილი, 1920, ცინდაო, ჩინეთი — გ. 24 დეკემბერი, 1997, მიტაკა) — იაპონელი კინომსახიობი.

ტოსირო მიფუნე დაიბადა ჩინეთში, სადაც მისი მშობლები მუშაობდნენ. იქვე გაიზარდა და მიიღო განათლება. მეორე მსოფლიო ომის დროს იგი ჯარში მსახურობდა. ომის შემდეგ, 1947 წელს მან მონაწილეობა მიიღო კონკურსში „ახალი სახეები“ რომელიც კინოკომპანია ტოჰომ ჩაატარა. კონკურსში ტოსირომ ვერ გაიმარჯვა, მაგრამ მან მიიპყრო რეჟისორ იამამოტო კაძიროს ყურადღება, რომელმაც ტოსიროს რეკომენდაცია გაუწია რეჟისორ ტანიგუჩი სენკიჩისთან. ასე მიიღო ტოსირომ პირველი როლი ფილმში „ახალი სულელების დრო“.

პირველ წარმატებას მსახიობმა ფილმში „ვერცხლისფერი ქედის მიღმა“ მიაღწია. დაახლოებით ამ დროს ტოსირომ გაიცნო რეჟისორი აკირა კუროსავა, რომელსაც დაუმეგობრდა. ამ ორმა ადამიანმა შექმნა იაპონურ კინოში ყველაზე გახმაურებული დუეტი. კუროსავამ მიფუნე 16 ფილმში გადაიღო. მათი პირველი ფილმი იყო „მთვრალი ანგელოზი“ (1948), სადაც ტოსირო განგსტერს თამაშობდა. მიუხედავად იმისა, რომ სცენარის მიხედვით იგი მთავარი გმირი არ უნდა ყოფილიყო, მისმა ბრწყინვალე თამაშმა დაარღვია წონასწორობა.

1950 წელს გამოვიდა კუროსავას ფილმი „რასიომონი“, სადაც მთავარ როლს მიფუნე ასრულებდა. ამ ფილმმა მიფუნე ტოსიროს უსაზღვრო პოპულარობა მოუტანა. კუროსავამ მიფუნე სრულიად განსხვავებულ როლებში ათამაშა, თავიდან მან არ მისცა ტოსიროს საშუალება შეგუებოდა განგსტერის ამპლუას. იგი თამაშობდა სამურაებსაც და კლერკებსაც და აღსანიშნავია ისიც, რომ ყოველ ფილმში მისი პერსონაჟი განსაკუთრებული სიმკვეთრით ხასიათდება. გასაკვირია, მაგრამ სხვა რეჟისორებთან მუშაობის დროს ტოსირო მიფუნეს პერსონაჟები არაფრით არიან გამორჩეულები.

კუროსავას და მიფუნეს თანამშრომლობა 1965 წლამდე გაგრძელდა, როდესაც მათი ურთიერთობა პირადი მიზეზების გამო შეწყდა, თუმცა მიუხედავად ამისა მიფუნეს კინოკარიერაზე უარი არ უთქვამს. მიფუნე ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე ორჯერ იყო დასახელებული საუკეთესო მსახიობად.

ამერიკულ ფილმში „დიდი პრიზი“ თამაშმა მიფუნეს კარგი შემოსავალი მოუტანა, რითაც მან საკუთარი კინოსტუდიის დაარსება შეძლო. მიფუნემ დაიწყო პროდიუსერობა და შემდგომში თავი რეჟისორის ამპლუაშიც კი სცადა. 60-70-იან წლებში მან არაერთი საზღვარგარეთული ფილმის გადაღებაში მიიღო მონაწილეობა. ასევე დასამახსოვრებელია მისი კინოპერსონაჟი სერიალში „სიოგუნი“.

ხანგრძლივი სამსახიობო კარიერის განმავლობაში მიფუნემ შეასრულა უამრავი როლი. მისი მონაწილეობით ფილმები 90-იან წლებში კომერციულად არ იყო წარმატებული, თუმცა წარმოადგენდა მსახიობური ოსტატობის თვალსაჩინო ნიმუშებს.

მიფუნე ტოსირო ფილმში "მცველი"


რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]