ელვა
ელვა — გიგანტური ელექტრული განმუხტვა ატმოსფეროში, რომელსაც თან სდევს ქუხილი. ელვას წინ უსწრებს ღრუბლის დაელექტროება, სხვადასხვა ნიშნით დამუხტული ნაწილაკების განცალება და მნიშვნელოვანი მოცულობის მუხტების წარმოქმნა.
უარყოფითი მუხტი უპირატესად ღრუბლის ფუძის არეში გროვდება, დადებითი კი — ზემოთ, დედამიწის ზედაპირი ინდუქციით დადებითად იმუხტება. განარჩევენ წრფივ, ბრტყელსა და ბურთისებრ ელვას.
ყველაზე უკეთ შესწავლილია წრფივი ელვა (განსაკუთრებით ღრუბელსა და დედამიწას შორის). ზონაში, სადაც ელექტრული ველის დაძაბულობა მიაღწევს კრიზისულ მნიშვნელობას, ჰაერის თავისუფალი ელექტრონები დიდი სიჩქარით მიისწრაფვის დედამიწისაკენ და ჰაერის ატომებთან შეჯახებით იწვევს დარტყმით იონიზაციას. ეს პროცესი ზვავისებურად ვრცელდება და წარმოიქმნება ელვის ლიდერი, რომელიც წარმოადგენს თერმოიონიზებულ მაღალ გამტარობის მქონე არხს. ლიდერის თავი დიდი სიჩქარით (5.107 მ/წმ) ვრცელდება დედამიწამდე და გაკვალულ არხში პირველ ლიდერს მიჰყვება მეორე და ხდება მეორე განმუხტვა.
განმუხტვის რიცხვა შეიძლება 50-ს მიაღწიოს, უფრო ხშირად კი 2-3-ია, დროის ინტერვალი 0,01 წმ არ აღემატება. პირველი ლიდერი უფრო ძლიერია და განშტოებული. ბურთისებრი ელვა ძალზე იშვიათია, ნელა გადაადგილდება და დედამიწასთან შეხებისას ხშირად ფეთქდება. მისი ბუნება ნაკლებადაა გამოკვლეული.
ბრტყელი ელვა წარმოადგენს განმუხტვას, რომელიც მოიცავს ღრუბლის მნიშვნელოვან ნაწილს. ელვის დარტყმამ (მეხის დაცემა) შეიძლება გამოიწვიოს ნგრევა, ლითონის გადნობა, ხანძარი, ადამიანის მსხვერპლი. ელვისგან დაცვა შესაძლებელია მეხსარიდით.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ელვა ენციკლოპედია ბრიტანიკა (ინგლისური)
- ინფორმაცია დაარქივებული 2010-08-26 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოკუჯავა ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 123.