[go: up one dir, main page]

შინაარსზე გადასვლა

Outlook.com

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Outlook.com
საიტი outlook.com
კომერციულობა კომერციული
საიტის ტიპი Webmail
რეგისტრაცია აუცილებელია
ხელმისაწვდომი ენა 106
მომხმარებელი 420 მილიონი (18 თებერვალი, 2013)
შინაარსის ლიცენზია Microsoft EULA
მფლობელი Microsoft
გაეშვა

4 ივლისი, 1996 (Hotmail)

31 ივლისი, 2012 (Outlook.com)
Alexa-ს რეიტინგი 667 (ნოემბერი, 2013)[1]
ამჟამინდელი სტატუსი მოქმედი

Outlook.comMicrosoft-ის უფასო, ვებგვერდზე დაფუძნებული იმეილის სერვისი, რომელიც საბიერ ბათიამ (Sabeer Bhatia) და ჯეკ სმიტმა (Jack Smith) შექმნეს კალიფორნიის ქალაქ მაუნთინ-ვიუში (Mountain View) 1996 წელს Hotmail-ის სახელწოდებით (სტილიზებული როგორც HoTMaiL). ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ვებმეილ-სერვისი. მისი სათავო ოფისი მდებარეობს კალიფორნიის ქალაქ სანივეილში (Sunnyvale). 1997 წელს ის კომპანია Microsoft-მა შეიძინა $400 მილიონ აშშ დოლარად და გაეშვა როგორც MSN Hotmail (MSN - The Microsoft Network), მოგვიანებით სახელი ისევ გადაერქვა როგორც Windows Live Hotmail, რომელიც უკვე Windows Live-ის პროდუქტების ნაკრებში იყო შესული. სერვისის ბოლო ვერსია გამოვიდა 2011 წელს. 2011 წლის მონაცემებით, მას საშუალოდ 360 მილიონი მომხმარებელი ჰყავდა. სამომხმარებლო ინტერფეისი კი 36 ენაზე იყო თარგმნილი. 2013 წელს Hotmail შეიცვალა Outlook.com-ით, რომლის ინტერფეისიც ოდნავ წააგავს Microsoft Outlook-ის ინტერფეისს. Outlook.com-ში ჩაშენებულია Metro სტილის სადიზაინო ენა. სერვისი ასევე გულისხმობს ულიმიტო მეხსიერებას, საიტის შექმნაში გამოყენებულია Ajax, და ვებსაიტში ინტეგრირებულია კალენდარი, People, To Do, OneDrive და Skype.

Hotmail საბიერ ბათიამ (Sabeer Bhatia) და ჯეკ სმიტმა (Jack Smith) შექმნეს, ხოლო ოფიციალურად, როგორც კომერციული პროდუქტი, გაეშვა 1996 წლის 4 ივლისს, აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს, ამით სიმბოლურად გაუსვეს ხაზი იმას რომ ეს პროდუქტი არის ინტერნეტთან წვდომის პროვაიდერისგან „თავისუფალი“ და იმას რომ ამ სერვისის მომხმარებლებს შეუძლიათ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეამოწმონ ელ-ფოსტა. ის იყო ერთ-ერთი პირველი სერვისი RocketMail-თან ერთად (RocketMail იყო კორპორაცია Four11-ის ვებმეილ სერვისი. 1997 წელს კი Yahoo! Inc.-მა RocketMail-იც და Four11-იც შეიძინა $92 მილიონ აშშ დოლარად და RocketMail-ის სახელწოდება შეცვალა Yahoo! Mail-ით). სახელწოდება „Hotmail“ დაარქვეს ვებსაიტების შექმნისთვის განკუთვნილ ჰიპერტექსტური მარკირების ენის შემოკლებულ სახელწოდებასთან (HTML) მსგავსების გამო (სიტყვა „Hotmail“ ძალიან ჰგავს „HTML-ს“). ამიტომაც იყო სტილიზებული როგორც „HoTMaiL“, რაც „HTML“ მსგავსებას უსვამს ხაზს. უფასო პაკეტის მომხმარებლებისთვის მაქსიმალური შესანახი მეხსიერება იყო 2 MB. საწყის ეტაპზე, Hotmail-ს მხარს უჭერდა და ეხმარებოდა ვენტურული კაპიტალის (Venture capital) ფირმა: Draper Fisher Jurvetson. 1997 წლის დეკემბრისთვის, სერვისს უკვე 8.5 მილიონი ხელმომწერი (Subscriber) ჰყავდა. თავდაპირველად Hotmail მუშაობდა საოპერაციო სისტემაზე - Solaris (იმეილ სერვისებისთვის) და საოპერაციო სისტემაზე - FreeBSD (ჩართული იყო აპაჩეს სერვერზე და იყენებდნენ ვებ სერვისებისთვის) სანამ ნაწილობრივ გარდაიქმნებოდა Microsoft-ის პროდუქტად.

ძველი Hotmail-ის Inbox-ის ფანჯარა
ძველი MSN Hotmail-ის Inbox-ის ფანჯარა

1997 წლის დეკემბერში, Hotmail იყიდა Microsoft-მა (გავრცელებული ინფორმაციის თანახმად $400 მილიონ აშშ დოლარად), და სერვისი შეუერთდა MSN-ის (The Microsoft Network) სერვისების ჯგუფს. Hotmail-მა სწრაფად მოიპოვა პოპულარობა მსოფლიო მასშტაბით სხვადასხვა ენაზე და რეგიონზე ლოკალიზაციის (ადაპტაცია განსხვავებული ენისთვის ან რეგიონისთვის) წყალობით, და გახდა მსოფლიოში უდიდესი ვებმეილ სერვისი 30 მილიონზე მეტი მომხმარებლით, როგორც ეს 1999 წლის თებერვალში განაცხადეს. Hotmail თავიდან ორ საოპერაციო სისტემაზე მუშაობდა: Solaris (იმეილ სერვისებისთვის) და FreeBSD (ჩართული იყო აპაჩეს სერვერზე და იყენებდნენ ვებ სერვისებისთვის). მოგვიანებით დაიწყეს მუშაობა პროექტზე, რომელიც Hotmail-ის Windows 2000-ზე გადასვლას გულისხმობდა. 2001 წლის ივნისში, Microsoft ირწმუნებოდა რომ ეს პროექტი წარმატებით დასრულდა, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ განაცხადა, რომ Hotmail-ის DNS (Domain Name System) ფუნქცია ჯერჯერობით FreeBSD-ში უფრო კარგად მუშაობდა. 2002 წლისთვის Hotmail ჯერ კიდევ ამ UNIX-ის სერვერებზე მუშაობდა, მხოლოდ სერვისის Front end-ის (სერვისის ნაწილი, რომელსაც პირდაპირ აკონტროლებს მომხმარებელი) გადატანა მოხდა Windows 2000-ში. მოგვიანებით სერვისი შეუერთდა Micosoft-ის ვებ მომსახურების სქემას, კერძოდ, შეუერთდა Microsoft Passport-ს (ახლა ჰქვია Microsoft account), ანუ Microsoft-ის ანგარიშს, მოხდა მისი შერწყმა სხვა Microsoft-ის პროდუქტებთან: MSN Messenger-თან (ახლა ჰქვია Windows Live Messenger), და MSN Spaces-თან (ახლა ჰქვია Windows Live Spaces).

ჰაკერული ინციდენტები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1999 წელს ჰაკერებმა საქვეყნოდ გაამჟღავნეს Hotmail-ის სუსტი წერტილი, რომლის საშუალებით ნებისმიერს შეეძლო შესულიყო ნებისმიერ Hotmail-ის ანგარიშზე ამ პაროლის გამოყენებით: „eh“. იმ დროისთვის ეს იყო ყველაზე დიდმასშტაბიანი ჰაკერული ინციდენტი მსოფლიო ვებ ქსელის ისტორიაში. 2001 წელს, ჰაკერებმა აღმოაჩინეს, რომ ნებისმიერს შეეძლო შესულიყო თავის ანგარიშზე და ენახა სხვა ნებისმიერი მომხმარებლის წერილები შესაბამისი URL-ს (მისამართი) შემუშავებით, რომელიც შედგებოდა შესაბამისი მისამართის, შესაბამისი მომხმარებლის სახელისა და შესაბამისი წერილის ნომრისაგან. ეს იმდენად მარტივი ხერხი იყო სხვისი წერილების ნახვის, რომ სულ მალე შეიქმნა პატჩი (patch), რომელიც კიდევ უფრო ამარტივებდა უკანონო შეტევებს. ათობით გაზეთმა და ასობით ვებსაიტმა გამოაქვეყნა ამ ხერხის აღწერა, რაც ათიათასობით ჰაკერს აძლევდა საშუალებას უპრობლემოდ ეთარეშათ Hotmail-ში. 2001 წლის 7 აგვისტოდან 31 აგვისტომდე Hotmail-ის მილიონობით მომხმარებელი გახდა ამ ჰაკერული შემოტევის „მსხვერპლი“.

2004 წელს, Google-მა გაუშვა თავისი ვებმეილ სერვისი Gmail. ახალ პროდუქტი მომხმარებლებს სთავაზობდა უფრო მეტ მეხსიერებას, სისწრაფეს და ინტერფეისის მოქნილობას, შესაბამისად მან დიდი ბიძგი მისცა ვებმეილის ინოვაციურ განვითარებას. ორმა წამყვანმა სერვისმა, Hotmail-მა და yahoo! Mail-მა კი აღარ დააყოვნეს და მალე წარადგინეს თავიანთი სერვისების ახალი ვერსიები, რომლებსაც ჰქონდათ კიდევ უფრო მეტი სისწრაფე, უსაფრთხოება და დამატებითი ფუნქციები.

Microsoft-ის ახალი იმეილ სისტემა 2005 წლის ნოემბერში დაანონსდა, კოდური სახელწოდებით „Kahuna“, და ბეტა ვერსია უკვე იყო ხელმისაწვდომი რამდენიმე ათასი მოხალისისთვის, რომლებიც ტესტავდნენ ახალ პროდუქტს. სხვა მსურველებსაც ასევე შეეძლოთ მონაწილეობა მიეღოთ მის დატესტვაში. ახალი სერვისი შეიქმნა ნულიდან, და ის ხაზს უსვამდა სამ მთავარ ფაქტორს: „უფრო სწრაფი, უფრო მარტივი და უფრო დაცული“. ბეტა სერვისის ახალ ვერსიებს სულ უფრო და უფრო მეტი მოხალისე ტესტავდა, და 2006 წლისთვის მოხალისეთა რაოდენობამ მილიონს მიაღწია.

Microsoft გეგმავდა სახელის ცვლილებას, რაც MSN Hotmail-იდან Windows Live Mail-ზე გადასვლას გულისხმობდა, მაგრამ მალე დეველოპერებმა ეს გეგმა შეაჩერეს, რადგან ბეტა ვერსიის ტესტირების მოხალისეები ამ იდეის განხორციელების საშინლად წინააღმდეგნი იყვნენ, რადგან მათ ისევ ის ძველი სახელწოდება ერჩივნათ: Hotmail, ამიტომ მოხალისეები უკმაყოფილონი რომ არ ყოფილიყვნენ, გადაწყდა, რომ ახალი სახელი იქნებოდა Windows Live Hotmail. ბეტა ტესტირების პერიოდში, ჯერ კიდევ არასაბოლოო ვერსია გამოვიდა 2006 წლის 9 ნოემბერს ძველი და უკვე არსებული მომხმარებლებისთვის ნიდერლანდებში, პილოტირების მიზნით. ბეტა ვერსიაზე მუშაობა 2007 წლის აპრილში დასრულდა, Windows Live Hotmail კი 2007 წლის მაისში გაეშვა MSN Hotmail-ის ნაცვლაც, შესაბამისად მოხდა 260 მილიონი ძველი მომხმარებლის ახალ სიტემაზე პორტირება. ძველ სისტემაში შესვლა მხოლოდ იმ მომხმარებლებს შეეძლოთ, რომლები Windows Live Hotmail-ის გამოსვლამდე იყვნენ რეგისტრირებული MSN Hotmail-ზე და ჯერ კიდევ არ ჰქონდათ ახალ სისტემაზე გადასვლისთვის თანხმობა მიცემული. 2007 წლის ოქტომბრისთვის, ყველა ძველი მომხმარებელის უკვე გადასული იყო განახლებულ სერვისზე.

2007 წლის თებერვალში, 2007 წლის მარტსა და 2011 წლის თებერვალში, Windows Live Hotmail-მა მიიღო ჯილდო, როგორც „PC Magazine-ის (ჟურნალი კომპიუტერის შესახებ) რედაქტორების არჩევანი“.

2008 წელს დაანონსდა, რომ სერვისი მალე განახლდებოდა, რაც გულისხმობდა 70%-ით მეტ სისწრაფეს, მეტ მეხსიერებას, უკეთეს ინტერფეისსა და დამატებით ფუნქციებს. განახლებული Windows Live Hotmail-ის Firefox-ის მხარდაჭერაზე კიდევ რამდენიმე თვე მუშაობდნენ. Google Chrome-ის მხარდაჭერაზე მუშაობა 2008 წლის 4 ნოემბერს დასრულდა.

2010 წლის 18 მაისს, Microsoft-მა კიდევ განაახლა Hotmail დამატებითი ფუნქციებით, 10 GB უფასო მეხსიერებით სურათებისთვის, Microsoft Office-ის დოკუმენტებისთვის და წერილზე მიბმული სხვადასხვა ფაილებისთვის. მასში ასევე ინტეგრირებული იყო Windows Live SkyDrive და Windows Live Office, Microsoft-ის ვებ აპლიკაციების უფასო ვერსიები. 2010 წლის 3 აგვისტოს კი დასრულდა განახლებულ სერვისზე გადასვლა. 2010 წლის 30 აგვისტოს Hotmail-მა მიიღო Exchange ActiveSync-ის (სერვერსა და მობილურ მოწყობილობას შორის იმეილის, კალენდარის, ჩანაწერების, მესიჯების სინქრონიზაციის პროტოკოლი) მხარდაჭერა. 2010 წლის 9 ნოემბერს კი სერვისს დაემატა დამატებითი დაცვის კრიპტოგრაფიული პროტოკოლი - SSL (Secure Sockets Layer).

2011 წელს ასევე გრძელდებოდა Hotmail-ის განვითარება, დახვეწა და ახალი ფუნქციების დამატება.

Outlook.com-ი პირველად წარდგენილ იქნა 2012 წლის 31 ივლისს, როცა მისი ბეტა ვერსია საჯაროდ გახდა ხელმისაწვდომი. Hotmail-ის მომხმარებლებს შეეძლოთ უფასოდ გადასულიყვნენ განახლებულ სერვისზე და ასევე უკან გადმოსულიყვნენ ძველ ვებმეილზე.

ახალი სერვისის ბეტა ვერსიის პერიოდი 2013 წლის 18 თებერვალს დასრულდა. ძველი მომხმარებლების Outlook.com-ზე გადასვლა ფაქტობრივად მათი ნებართვის გარეშე მოხდა, თუმცა არ შეცვლილა არც მათი @hotmail.com მისამართი, არც მათი პაროლი, არც ფოლდერები, არც წერილები, არც კონტაქტები, მოკლედ ყველანაირი პირადული ინფორმაცია შენახულ იქნა. Outlook.com-ზე გადასულ მომხმარებლებს, სურვილის შემთხვევაში, თავისუფლად შეუძლიათ თავიანთი მისამართი შეცვალონ @outlook.com-ით, ძველი @hotmail.com-ის მაგივრად.

2013 წლის მაისისთვის, Outlook.com-ის მომხმარებელთა რაოდენობა დაახლოებით 400 მილიონი იყო.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Outlook.com Site Info. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-21. ციტირების თარიღი: 2013-10-01.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Outlook.com&oldid=4393529“-დან