[go: up one dir, main page]

შინაარსზე გადასვლა

ტყე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფიჭვის ტყე შვედეთში

ტყეგეოგრაფიული ლანდშაფტის ნაწილი, იმ ხეების, ბუჩქებისა და ბალახების, აგრეთვე ცხოველებისა და მიკროორგანიზმების ერთობლიობა, რომლებიც თავიანთი განვითარების პროცესში ურთიერთდაკავშირებულნი არიან ბიოლოგიურად და ახდენენ ზეგავლენას როგორც ერთმანეთზე, ასევე გარემოზეც.

ტყის სახეობრივი შემადგენლობის, ძირითადი მცენარეების ბიოლოგიური თავისებურებების, მათი ხნოვანებისა და გარკვეული ფიზიკური-გეოგრაფიული პირობების მიხედვით, ტყეში მცენარეების რამდენიმე იარუსი ვითარდება. ზომიერი სარტყლის რთული შემადგენლობის ტყეში განასხვავებენ შემდეგ იარუსებს: პირველ იარუსს, რომელიც შედგება პირველი სიდიდის ტყის შემქმნელი ხეებისაგან (ფიჭვი, ნაძვი, სოჭი, წიფელი, მუხა და სხვა). მეორე იარუსს, რომელიც შექმნილია მეორე სიდიდის ხეებისაგან (ცაცხვი, ნეკერჩხალი, რცხილა, თელა და სხვა), მესამე იარუსს ქმნიან ბუჩქები (თხილი, შინდი, ჭანჭყატი, კუნელი და სხვა); მეოთხე და მეხუთე იარუსი კი შედგება ბალახოვანი და ხავსის საფრისაგან. ტყის სხვადასხვა იარუსზე ხანდახან გვხვდება ხვიარა და მცოცავი მცენარეები, ხოლო ტოტებსა და ჯირკვებზე სახლდებიან ხავსები, ლიქენები, სოკოები და წყალმცენარეები — ე. წ. ეპიფიტები. ყველაზე რთული სტრუქტურის ტყეები ტროპიკებშია. ტროპიკულ „წვიმის ტყეებში“ ტყის შემქმნელი ხეები შეიძლება შედგებოდეს 3, ქვეტყე — 2 და ბალახოვანი საფარი — 3 ქვეიარუსისაგან. ჩრდილოეთისაკენ, ნიადაგისა და კლიმატის ცვლილებებთაბ ერთად, ჭარბობს მართივი სტრუქტურის ტყეები; ასევე მთის ფერდობების ზედა სარტყელში უმთავრესად მარტივი სტრუქტურის ტყები გვხვდება.

შედარებით მოზრდილ ტერიტორიაზე ტყე არაერთგვაროვანია. ტყეები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან სახეობათა შემადგენლობით (წმინდა — ერთი სახეობისაგან ან შერეული — რამდენიმე სახეობისაგან შემდგარი), ფორმით (მარტივი ანუ ერთიარუსიანი და რთული — მრავალიარუსიანი), ხნოვანებით (ერთხნოვანი და ნაირხნოვანი), წარმოშობით (თესლით და ვეგეტატიური), სიხშირით, ბონიტეტით ანუ პროდუქტიულობით.

ტყე თავისი შემადგენლობით, ადგილსაარსებო პირობებით, განახლების პროცესით, წარმადობით და განვითარებით სხვადასხვაგვარია, რაც საფუძვლად უდევს ტყის ტიპებად დაყოფას. ტყის ტიპებს გამოყოფენ ტყის შემქმნელი მთავარი სახეობისა და ადგილსაარსებო პირობების ამსახველი ინდიკატორის (გაბატონებული ბალახის ან ქვეტყის ბუჩქის) მიხედვით, მაგ. ჩითისთვალიანი წიფლნარი, წყავის ქვეტყიანი ნაძვნარი და სხვა. განასხვავებენ ძირეულს და წარმოებულ ტყის ტიპებს. უკანასკნელი წარმოიქმნება ადამიანისა და სხვა ფაქტორების (ტყის მავნებლები, ხანძარი, ქარქცევა და სხვა) ზემოქმედების შედეგად. მთის ტყეებში ტყის ტიპების გამოყოფას ხშირად აძნელებს რელიეფის სირთულე, რაც იწვევს ადგილსაარსებო პირობების მოკლე მანძილზე ცვლას და ამის შედეგად ტყის ტიპის ხშირ მონაცვლეობას.

ტყის მცენარეულობა როგორც სახეობრივი შემადგენლობით, ისე ეკოლოგიური თავისებურებებით მკვეთრად იცვლება გეოგრაფიული განედებთან დაკავშირებით, ე. ი. ჰორიზონტალური ზონების მიხედვით. ტროპიკულ სარტყელში გავრცელებულია ტროპიკული „წვიმის ტყეები“, რომელსაც ახასიათებს სახეობრივი შემადგენლობის მრავალფეროვნება, მრავალიარუსიანობა, ეპიფიტების ფართო მონაწილეობა.ამ სარტყლის კონტინენტურ ნაწილში, ნალექების არათანაბარი განაწილების პირობებში სავანის ტყე ტროპიკული სარტყლის ჩრდილოეთით და სამხრეთით, ზღვის სანაპიროებზე, გავრცელებულია სუბტროპიკული ტყეები, სადაც გვხვდება ფოთლოვანი (ფოთლოვანი და მარადმწვანე ხეშეშფოთლიანი), ისე წიწვოვანი სახეობები. ისინი ტროპიკუო ტყეებთან შედარებით უფრო ღარიბია მერქნიანი ჯიშებით. ზომიერი ჰავის სარტყელში ფოთოლმცვვანი ფართოფოთლოვანი (მუხა, წიფელი, ცაცხვი, რცხილა და სხვა) და წიწვოვან-ფართოფოთლოვანი (ნაძვის, სოჭის, ფიჭვის მონაწილეობით) ტყეებია. ასეთი ტყეები გვხვდება მხოლოდ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. მათთვის დამახასიათებელია დიდი სიხშირე და მრავალიარუსიანობა. უფრო ჩრდილოეთით გავრცელებულია მარად მწვანე წიწვოვანი ტყეები, რომლებიც ტყის პოლარულ საზღვარს აღწევს. ისინი სახეობათა შემადგენლობით ღარიბია — ძირითადი სახეობებია ნაძვი, ფიჭვი, ლარიქსი. მათ შორის ერთ-ერთი სახეობა წამყვანია და ტყეც მის სახელს ატარებს.

მთის ტყეებს უკავიათ მრავალ ქედის ფერდობი მთისწინეთიდან დაწყებული ალპურ სარტყლამდე და მთის ტუნდრამდე. მთებში სიმაღლის მატებასთან ერთად იცვლება სითბური რეჟიმი, ტენიანობა და სხვა ფაქტორები, რაც განსაზღვრავს მთის სარტყლიანობის სტრუქტურას. ყველაზე უფრო მკვეთრად ეს ვლინდება ტროპიკებში. კარგადაა გამოხატული იგი ზომიერი ჰავის პირობებშიც (კავკასია, კარპატები, ყირიმი).

საქართველო მთაგორიანი ქვეყანაა, ამიტომ აქ ტყეები თითქმის მთლიანად (97,7 %) მთის ფერდობებზეა. დასავლეთ საქართველოში ტყეები იწყება ზღვის დონიდანვე და ფარავს დაბლობებსა და მთისწინა კალთებს ზღვის დონიდან 500 მ სიმაღლემდე. დაბლობ ჭაობიან ადგილებში გვხვდება მურყნარი, სადაც შერეულია ხვალო, ოფი, ტირიფები, ლაფანი, ზოგან იმერული მუხა და რცხილა. შემაღლებული ადგილები და მთისწინები დაფარულია კოლხური ტიპის ტყეებით. მათ ძირითადად ქმნის რცხილა, ჰარტვისისა და იმერული მუხები, იფანი, ძელქვა, წიფელი. ქვეტყეში ხარობს წყავი, შქერი, თაგვისარა, მოცვი და სხვა, უხვადაა ხვიარა მცენარეები: ეკალღიჭი, კოლხური სურო, კრიკინა, ვაზი, ღვედკეცი და სხვა.

აღმოსავლეთ საქართველოში მშრალი რაიონების დაბლობებსა და მთისწინა კალთებზე (შირაქი, ელდარი, მცხეთის მიდამოები და სხცა), ზღვის დონიდან 400-დან 600 -მდე, გავრცელებულია არიდული ანუ ნათელი ტყეები, რომლებშიც ჭარბობს კევის ხე, ღვიები, ზოგან აკაკი, ბერყენა, ქართული ნეკერჩხალი, ბუჩქებიდან — თრიმლი, თუთუბო, ბროწეული, ძეძვი და სხვა. მთის ქვედა სარტყელში (500-დან — 900—1000 მ-მდე) წაბლისა და მუხის ტყეებია. წაბლნარი გვხვდება როგორც დასავლეთ საქართველოში, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ტენიან რაიონებში (კახეთი). დასავლეთ საქართველოს კირიან ნიადაგებზე და აღმოსავლეთ საქართველოს მშრალ რაიონებში (ქართლი, გარეკახეთი) წაბლნარის ნაცვლად მუხნარი, მუხნარ-რცხილნარი და რცხილნარია გავრცელებული. ქვეტყეში იზრდება ზღმარტლი, კუნელი, თხილი, შინდი, თრიმლი და სხვა. მთის შუა სარტყელში (900—1000-იდან 1500—1600 მ-მდე) ნაირხნოვანი, მაღალი წარმადობის წიფლნარია, როგორც წმინდა, ისე შერეული რცხილასთან, მინდვრის ნეკერჩხალთან, ბოყვთან, ცაცხვთან, ნაძვთან და სხვა. საქართველოში წიფლის ტყის სარტყელი არ არის მხოლოდ მეხეთ-ჯავახეთში. მის ადგილს აქ იკავებს სოჭთან შერეული ნაძვნარი, ნაძვნარ-ფიჭვნარი და წმინდა ფიჭვნარი. მთის ზედა სარტყელი წარმოდგენილია მუქწიწვოვანი ტყეებით. დასავლეთ საქართველოში იგი იწყება 1400 მ-იდან და ხშირად აღწევს ტყის გავრცელების ზედა საზღვარს. აღმოსავლეთ საქართველოში კი 1500-დან 2100 მ-მდე ვრცელდება. ამ ტყეების შემქმნელი მცენარეებია აღმოსავლური ნაძვი და კავკასიური სოჭი, რომლებიც ნაირხნოვან, მაღალპროდუქტიულ, წმინდა, უფრო ხშირად კი შერეულ კორომებს ქმნიან. მათ ხშირად ერევა წიფელი, თელა, ცაცხვი და სხვა. ამ სარტყელში გავრცელებულია აგრეთვე ფიჭვი (სამხრეთი ექსპოზიციის, დიდი დაქანების ფერდობებზე). ფიჭვნარის დიდი მასივები განლაგებულია მთათუშეთში, აგრეთვე მესხეთში და თრიალეთის ქედზე.იმ რაიონებში, სადაც ნაძვნარ-სოჭნარი არ არის (გარე- და შიგნიკახეთი). მის მაგივრად დაბალი წარმადობის წიფლნარია გავრცელებული. მთის ზედა ზოლი (ზღვის დონე 1900-2100-დან 2400 მ-მდე) უკავია სუბალპურ ტყეებს — სუბალპური ტანბრეციელებსა და სუბალპურ მეჩხერებს. ტანბრეციელები, რომლებიც ყველა რაიონშია გავრცელებული, უმთავრესად წარმოდგენილია არყნარით და წიფლნარით. სუბალპური მეჩხერი უფრო დამახასიათებელია აღმოსავლეთ საქართველოსთვის და შქმნილია მაღალმთის ნეკერჩხლით, მაღალმთის მუხით, ჭნავით. მას პარკულ ტყეებსაც უწოდებენ.

საქართველოში ტყით დაფარული ფართობი 2,69 მლნ. ჰა აღწევს, რაც ტერიტორიის 38,5 % შეადგენს. მერქნის საერთო მარაგია 397,4 მლნ. მ³. საქართველოს ტყეები 300-ზე მეტი მერქნიანი სახეობისაგან შედგება. სახეობრივი შემადგენლობის მიხედვით საქართველოს ტყეები შემდეგნაირად ნაწილდება: წიწვოვან ტყეებს უკავია 0,41 მლნ. ჰა (202 %), მათ შორის სოჭნარს — 190,7 ათ. ჰა, ნაძვნარს — 128,6 ათ-ჰა, ფიჭვნარს — 91,6 ათ. ჰა. ფოთლოვან ტყეებს უკავია 1,57 მლნ. ჰა (79,8 %). მათ შორის მაგარმერქნიანებიდან წიფლნარს — 1,03 მლნ. ჰა, მუხნარს — 214,7 ათ. ჰა, რცხილნარს — 149,2 ათ. ჰა. დანარჩენი 155,9 ათ. ჰა ფართობი რბილმერქნიანი ჯიშის ტყეებზე (მურყნარი, არყნარი, ვერხვნარი და სხვა) მოდის.

ჭალის ტყეები გავრცელებულია მრავალი მდინარის ჭალაში. ყოველი ბიო-გეოგრაფიული ოლქის ფარგლებში ჭალის ტყეების სტრუქტურა და წარმადობა იცვლება გრუნტის წყლის დგომის სიღრმის, დატბორვის ხანგრძლივობის, ალუვიური ნაფენების მექანიკური და ქიმიური შედგენილობის მიხედვით. ჭალის ტყეები ინტრაზონალური ხასიათისაა. ჩრდილოეთში წარმოდგენილია ვერხვნარით და ტირიფნარით; ზომიერ სარტყელში — ვერხვნარ-თელნარითა და ვერხვნარ-მუხნარით; მშრალი ოლქის ჭალებისათვის დამახასიათებელია ტუგაის ტიპის ტყეები, რომლებშიც გვხვდება ქაცვი, ტურანგი, ფშატი, ვერხვი, ტირიფი, იალღუნი. საქართველოში ჭალის ტყეები გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეების (მტკვარი, ალაზანი, იორი, ხრამი და სხვა) ქვემო დინების გასწვრივ. მათში ჭარბობს ტირიფი, ვერხვი, ჭალის მუხა, ზოგან თუთა, თელა და სხვა. ალაზნის ჭალის ტყეებისთვის დამახასიათებელია აგრეთვე ლაფანი, მდიდარია ხვიარა მცენარეებით, რომლებიც ხშირად გაუვალ რყებს ქმნიან.

ტყე დედამიწის ეკოლოგიურ სისტემათა მთლიანი კომპლექსისთვის გლობალური და სასიცოცხლო ფაქტორია. იგი ცოცხალი ნივთიერების ერთ-ერთი პლანეტური აკუმულატორია, რომელიც აკავებს ბიოსფეროში მთელ რიგ ქიმიურ ელემენტებს და წყალს, აქტიურად ურთიერთქმედებს ტროპოსფეროსთან და განსაზღვრავს ჟანგბადისა და ნახშირბადის ბალანსის დონეს.

ბიოსფეროში ჟანგბადის 60%-ზე მეტს გამოყოფს ხმელეთის მცენარეულობა და მისი მთავარი კომპონენტი — ტყე. 1 ჰექტარი შერეული ტყე წელიწადში ატმოსფეროდან შთანთქვას 13-17 ტ. ნახშირორჟანგს და 10-15 ტ. ჟანგბადს გამოყოფს. ტყე ჩვენი პლანეტის ყველაზე უფრო პროდუქტიული ფორმაციაა და ბიოლოგიური წრებრუნვის ყველაზე მაღალი ინტენსივობით ხასიათდება. ტყეში დაგროვილი ბიომასა მნიშვნელოვნად აღემატება ბალახეულ და სხვა მცენარეულ თანასაზოგადოებათა ბიომასას. 1 ჰა ტყის ფიტომასას წლიური ნამატი საშუალოდ 10—30 ტ შეადგენს,ბალახოვანი მცენარეულობისა — 9 ტ, ტუნდრის მცენარეებისა — 2 ტ.

ტყე გავრცელებულია ყველა კონტინენტზე (გარდა ანტარქტიდისა) და ხმელეთის 30% უკავია. დედამიწის ტყით დაფარული ფართობი 3779 მლნ. ჰექტარს შეადგენს. წარსულში დედამიწაზე ტყეები გავრცელებული იყო უფრო დიდ ფართობზე, რომელთა ნაწილი შემდგომში სასოფლო-სამეურნეო სავარგულებმა, სწრაფად მზარდმა ქალაქებმა და სამრეწველო კომპლექსებმა დაიკავა. დედამიწის თანამედროვე ტყის საფარი მნიშვნელოვნად შეცვალა ადამიანის ჩარევამ. მაგ., ცენტრალურ ევროპაში წიფლნარის ადგილზე ხელოვნურად გაშენდა ნაძვნარი. ტაიგაში პირწმინდა ჭრის შედეგა საგრძნობლად გაიზარდა არყნარისა და ვერხვნარის ფართობები. საქართველოში არარაციონალური ექსპლუატაციის შედეგად მაღალპროდუქტიული მუხნარის მნიშვნელოვანი ფართობები შეიცვალა დაბალი წარმადობის ამონაყარი მუხნარითა და ჯაგრცხილნარით.

ტყე მრავალრიცხოვანი რესურსის (მერქანი, ქერქი, ტოტები, ფოთოლი, ნაყოფი, თესლი, სოკო და სხვა) უმდიდრესი წყაროა. მან ფართო გამოყენება პოვა მერქნის დამზადების, გადამუშავების, ქიმიურის, კვების, ფარმაცევტულ, საფეიქრო მრეწველობასა და მეურნეობის სხვა დარგებში. ტყე ერთ-ერთი ბუნებრივი ბიოლოგიური რესურსია, რომელსაც ახასიათებს აღდგენის უნარი. იგი ასრულებს პლანეტურ ბიოქიმიურ ფუნქციას, მონაწილეობს მრავალფეროვანი ლანდშაფტის შექმნაში, აქვს ძალზე დიდი წყალშემნახავი, ნიადაგდაცვითი, კლიმატმარეგულირებელი, სანიტარულ-ჰიგიენური მნიშვნელობა. ამიტომ ტყის დაცვასა და მის რაციონალურად გამოყენებას უდიდესი სახალხო-სამეურნეო და სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ტყე&oldid=4605020“-დან