[go: up one dir, main page]

შინაარსზე გადასვლა

მეტ ლებლანკი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მეტ ლებლანკი
დაბადების თარიღი 25 ივლისი, 1967 (1967-07-25) (57 წლის)
ნიუტონი, მასაჩუსეტსი, აშშ
პროფესია მსახიობი
აქტიური 1987-დღემდე
მეუღლე(ები) მელისა მაკნაითი
(ქ. 2003 - განქ. 2006)
პარტნიორ(ებ)ი ანდრეა ანდერსი
(2006-2015)
ავრორა მალიგანი (2016-დღემდე)
შვილ(ებ)ი 1
მშობლები მამა: პოლ ლებლანკი
დედა: პატრიცია დი ჩილო

მეტ ლებლანკი (ინგლ. Matt LeBlanc), სრული სახელია მეთიუ სტივენ ლებლანკი (ინგლ. Matthew Steven LeBlanc; დ. 25 ივლისი, 1967, ნიუტონი, მასაჩუსეტსი, აშშ) — ამერიკელი მსახიობი და კომიკოსი. ცნობილი გახდა სერიალში „მეგობრები“ შესრულებული ჯოუი ტრიბიანის როლით. ამ პერსონაჟზე დაყრდნობით შეიქმნა სერიალი „ჯოუი“, ამ როლისათვის კი იგი სამჯერ იყო ნომინირებული ემის ჯილდოზე და მოგებული აქვს ოქროს გლობუსი.

მეტ ლებლანკი დაიბადა 1967 წლის 25 ივლისს მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ ნიუტონში. მისი მშობლები არიან მექანიკოსი პოლ ლებლანკი და მისი ცოლი, ოფის-მენეჯერი პატრიცია დი ჩილო[1][2]. მამამისი წარმოშობით კანადელი ფრანგია, ხოლო დედამისი იტალიელია[3]. ნიუტონის საჯარო სკოლის დასრულების შემდეგ, 17 წლის ასაკში იგი ნიუ-იორკში გადადის საცხოვრებლად, სადაც მოდელად დაიწყო მუშაობა[4].

ლებლანკი მერილ სტრიპთან ერთად ოქროს გლობუსის 69-ე დაჯილდოებაზე, 2012 წელი.

ლებლანკი ეკრანებზე პირველად 1987 წელს გამოჩნდა, რა დროსაც იგი ჰეინცის პომიდვრის კეტჩუპის კომერციულ რეკლამაში გამოდიოდა. 1988 წელს იგი უკვე ტელესერიალში „TV-101“ გამოჩნდა, ოღონდ მხოლოდ ერთი სეზონით. 1991 წელს ეპიზოდური როლი ჰქონდა სიტკომში „ბავშვზე დაქორწინებული“. იგი ასევე მონაწილეობდა ისეთ ტელესერიალებში, როგორებიცაა: „გროვის მწვერვალი“ (1991) და „ვინი და ბობი“ (1992).

უკვე 1994 წელს იგი ტელესერიალში „მეგობრები“ დაამტკიცეს ექვსი მთავარი როლიდან ერთ-ერთის, კერძოდ კი ჯოუი ტრიბიანის როლზე, რომელსაც იგი 2004 წლამდე აქტიურად ასრულებდა. ეს როლი მისთვის განსაკუთრებული წარმატებისა და პოპულარობის მომტანი აღმოჩნდა. სერიალში მასთან ერთად მონაწილეობდნენ ისეთი ცნობილი მსახიობები, როგორებიც არიან: ჯენიფერ ენისტონი, მეთიუ პერი, დევიდ შვიმერი, ლიზა კუდროუ, კორტნი კოქსი, ბრედ პიტი და ა.შ. ვინაიდან ჯოუის პერსონაჟი ხალხში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა, „მეგობრების“ დასრულების შემდეგ, 2004-2006 წლებში რეჟისორებმა გადაიღეს ორსეზონიანი სერიალი, სახელად „ჯოუი“, სადაც მთავარი პერსონაჟი ჯოუი ტრიბიანია[5]. ჯოუის როლისათვის მეტ ლებლანკი სამჯერ იყო ნომინირებული ემის, ასევე სამჯერ ოქროს გლობუსის[6] და ერთხელ კინომსახიობთა გილდიის ჯილდოზე.

2011 წელს სერიალში „ეპიზოდები“ დაამტკიცეს საკუთარი თავის როლზე, რომელსაც იგი რეგულარულად, 2017 წლამდე ასრულებდა. იგი ასევე თავისი თავის როლს ასრულებს 2016-2019 წლებში გამოსულ სერიალში „Top Gear“. 2016-2020 წლებში სერიალში „კაცი გეგმებით“ ასრულებდა ადამ ბარნსის როლს[7]. უკვე 2020 წელს კი საკუთარი თავის როლი შეასრულა სერიალში „დაბრუნება“, რომელის სერიალ „მეგობრების“ გაგრძელებას წარმოადგენს.

2003 წლის მაისში ლებლანკი დაქორწინდა ბრიტანეთში დაბადებულ ამერიკელ მოდელ მელისა მაკნაითზე[8]. 2004 წელს დაიბადა მათი ერთადერთი ქალიშვილი, მარინა. რვა თვის ასაკში მას კრუნჩხვითი შეტევები დაეწყო, უკვე ორი წლის ასაკში კი მას დისპლაზიის დიაგნოზი დაუსვეს[8][9]. ლებლანკი და მაკნაითი 2006 წლის ოქტომბერში განქორწინდნენ[10]. ამის შემდეგ ლებლანკს 2006 წლიდან ურთიერთობა ჰქონდა მსახიობ ანდრეა ანდერსთან, რომელსაც იგი 2015 წელს დაშორდა. 2016 წლიდან კი ურთიერთობა დაიწყო ასევე მსახიობ ავრორა მალიგანთან, რომელთანაც დღემდე ურთიერთობაშია.

  1. Tauber, Michelle (May 19, 2003). "Way to Go, Joey!" დაარქივებული 2016-03-08 საიტზე Wayback Machine. . People.
  2. "Matt LeBlanc takes his Italian origins to his heart" დაარქივებული 2020-02-26 საიტზე Wayback Machine. . Italo-Americano. October 16, 2015. Retrieved August 22, 2017.
  3. Rafanelli, Stephanie (May 17, 2014). "Matt LeBlanc: 'I have an ego, but I try to leave it at the door'". The Daily Telegraph. London, England: Telegraph Media Group. Archived from the original on January 7, 2015. Retrieved January 7, 2015.
  4. Rose, Hilary (March 20, 2018). "Matt LeBlanc: 'I was getting divorced, work wasn't a priority — it was a rough time' '". The Times. London, England: News UK. ISSN 0140-0460. Retrieved March 21, 2018.
  5. "Matt LeBlanc on Life after 'Friends' and Taking a Six Year Hiatus". The Hollywood Reporter. June 27, 2014. Retrieved March 30, 2016.
  6. "Nominations & Winners". Golden Globes. Archived from the original on January 8, 2010. Retrieved January 16, 2012.
  7. Andreeva, Nellie (June 21, 2016). "CBS Sets Fall 2016 Premiere Dates, Slates JonBenet Ramsey Limited Series". Deadline Hollywood. Retrieved June 21, 2016.
  8. 8.0 8.1 Wulff, Jennifer (April 17, 2006). "Matt Leblanc's Surprise Split" დაარქივებული 2016-05-31 საიტზე Wayback Machine. . People. Vol. 65 no. 15. Retrieved November 3, 2010.
  9. Sawer, Patrick (February 6, 2016). "New Top Gear presenter Matt LeBlanc on his daughter, his marriage breakdown and his darkest years". The Daily Telegraph. Retrieved August 22, 2017.
  10. "Matt LeBlanc's Other Woman" დაარქივებული 2016-09-13 საიტზე Wayback Machine. . People. April 6, 2006. Retrieved March 27, 2009.