დაკარგული დროის ძიებაში
დაკარგული დროის ძიებაში | |
---|---|
სერიის პირველი ნაწილის ქართული გამოცემის გარეკანი ყდა | |
სრული სათაური | À la recherche du temps perdu |
ჟანრი | მოდერნიზმი |
ავტორი | მარსელ პრუსტი |
მშობლიური ენა | ფრანგული |
გამოცემულია | 1913–1927 |
მედია | ბეჭდური |
გვერდი | 4215 (ორიგინალში) |
დაკარგული დროის ძიებაში (ფრანგ. À la recherche du temps perdu) — ფრანგი მოდერნისტი მწერლისა და დეკადენტური რომანის ფუძემდებლის, მარსელ პრუსტის ერთ-ერთი დასრულებული მხატვრული ნაწარმოები, რომელიც შვიდი ნაწილისგან შემდგარ სერიას წარმოადგენს. გინესის რეკორდების წიგნში შეტანილი ეს მონუმენტური ქმნილება, როგორც კაცობრიობის ისტორიაში შექმნილი ყველაზე გრძელი მხატვრული ნაწარმოები,[1] წარმოადგენს პრუსტის უმთავრეს ნაშრომს მისი ბიბლიოგრაფიიდან, რომლის უმთავრეს თემას ე.წ. „რეფლექსური მეხსიერების“ საკითხი წარმოადგენს. ამ უკანასკნელის ყველაზე ნათელ მაგალითს მკითხველი ნაწარმოების პირველ ნაწილში – სვანის მხარეს – აწყდება, როცა პროტაგონისტს ცნობილი ფრანგული დესერტის, მადლენის გასინჯვის შედეგად შორეულ ბავშვობაში დეიდებთან გატარებული დრო ახსენდება.
„დაკარგული დროის ძიებაში“ მიუყვება მთხრობლის, მარსელის გადახდენილი ისტორიების ერთგვარ კრებულს, დაწყებული ადრეული ბავშვობიდან, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის ბოლოდან მეოცე საუკუნის დასაწყისამდე ინაცვლებს. ავტორმა ნაწარმოებზე მუშაობა 1909 წელს დაიწყო, ამ მუშოაბამ კი იქამდე გასტანა, სანამ ის 1922 წელს, პნევმონიით არ დაავადდა. შეიძლება ითქვას, რომ ნაწარმოების მთავარ ბიძგს ავტორის მიერ 1907 წელს, გაზეთ "ფიგარო"-ში გამოქვეყნებული სტატია იქცა, რომელშიც ის საუბრობდა და ააანალიზებდა მეხსიერებისა და დანაშაულის გრძნობის საკითხს. მან ამ თემაზე მუშაობა 1909 წელს, ესეს - ”სენტ-ბევის წინააღმდეგ” წერა წამოიწყო, რომელიც შემდგომში ფართომასშტაბიან ჩანაფიქრში გადაიზარდა, და, რომელმაც საბოლოოდ სახელიც იცვალა. პრუსტმა საკუთარი მაგნუმ ოპუსის სტრუქტურა ჯერ კიდევ ადრეულ პერიოდში შეიმუშავა, თუმცა, მას შემდეგ, რაც, საწყის ეტაპზე, მისი ყველა ნაწილი მზად იყო, მწერალს არაერთხელ მოუწია მათი ორიგინალი ნაწილების ხელახლა გადაკეთება.
ლიტერატურული კრიტიკოსები სერიის როლზე საუბრისას არაერთხელ აღნიშნავენ, რომ მისი დახმარებით, პრუსტმა ერთგვარად ფრანგული ტრადიციული ტიპის რომანს გაგრძელება მოუნახა, რომელიც სათავეს ჯერ კიდევ მონტენთან და ბალზაკის ადამიანურ კომედიაში იღებს.[2] მას ხშირად ისეთ ლიტერატურულ ტენდენციებში ათავსებენ, რომლებიც გავრცელებული იყო მე-19 საუკუნის ბოლოს, მათ შორის ბერგსონიზმი, ფროიდის ფსიქოანალიზი და იმპრესიონიზმი.[2]
სერიის თითოეული ნაწილი, ეტაპობრივად, 1913 წლიდან 1927 წლამდე, საფრანგეთში გამოიცემოდა. რამდენიმე გამომცემლობისგან უარით გასტუმრებულმა მწერალმა – რის მიზეზადაც ნაწარმოების ზედმეტ სიდიდეს ასახელებდნენ –, წიგნების საკუთარი სახსრებით გამოცემა გადაწყვიტა. სერიის მრავალი იდეა, შიდა პასაჟი და მოტივი შენარჩუნდა ავტორის დაუსრულებელ რომანშიც – ჟან სანტილი –, რომელიც მწერლის გარდაცვალებიდან სამი დეკადის შემდეგ გამოიცა.
ნაწარმოებმა უდიდესი გავლენა იქონია მეოცე საუკუნის არა მხოლოდ ფრანგულ, არამედ მსოფლიო ლიტერატურაზე, მისი შთაგონებით შექმნილა არაერთი ნაწარმოები, მრავალ მწერალს კი მისი პაროდიაც შეუქმნია. რომანის ასი წლის თავთან დაკავშირებულ ხელახალ ფრანგულ გამოცემასთან დაკავშირებით, ინგლისელმა მწერალმა, ედმუნდ უაითმა სერიას „მეოცე საუკუნის ყველაზე პატივცემული ლიტერატურული ქმნილება“ უწოდა.[3]
სიუჟეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სვანის მხარეს
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნაწარმოების გახსნით ნაწილში მთხრობელი გვამცნობს, რომ ის ბოლო დროს საკმაოდ ადრე იძინებს. საკუთარ ოთახში გამოკეტილი, ის თავშექცევას მხოლოდ წიგნების კითხვასა და დედაზე ფიქრში თუ ჰპოვებს, სხვა დროს კი მხოლოდ საჭმელად თუ ჩამოვა ხოლმე ქვემოთ ოჯახის წევრებთან ერთად. ახალგაზრდა მარსელი იმდენად ნერვიულობს მარტო ძილზე, რომ ის გამუდმებით მოელის დედის გამოსამშვიდობებელ კოცნას, თუმცა, ის ამას კიდევ ერთი მომდევნო უძილო ღამის ნიშნადაც აღიქვამს. ერთხელაც, მაშინ, როცა მარსელის ბებია-ბაბუას შორეული მეგობარი, შარლ სვანი ესტუმრება, დედისგან ყურადღებამოკლებული მარსელი დროს მის ლოდინში კარგავს. ის ელის დედას მანამ, სანამ სტუმარს არ გაისტუმრებენ. ლოდინისგან არაქათგამოცლილი მარსელი ისე დაღონებულად გამოიყურება, რომ თვით მისი საკმაოდ მკაცრი მამაც კი უბიძგებს საკუთარ მეუღლეს, რომ ის ღამე მარსელთან საძინებელში დაიძინოს.
მთხრობელი მკითხველს აუწყებს, რომ მისი მწერლად გახდომის მიზეზთსაწყისი სწორედ კომბრეში გატარებული წლებია. აქ მისი ოჯახის წევრები ხშირად მოუწოდებდნენ მას წაეკითხა ბერგოტეს (რომლის პროტოტიპიც ანატოლ ფრანსია, რადგან სწორედ მას ეთაყვანებოდა ახალგაზრდა პრუსტი) წიგნები, რომელიც, საბოლოოდ, მის საყვარელ ავტორადაც იქცევა. მარსელი აღფრთოვანებულია კომბრეს ირგვლივ არსებული პეიზაჟის უზომო სილამაზით, განსაკუთრებით კუნელის ყვავილით, რომელიც სვანის სახლისკენ მიმავალ გზას ადგას. მას უყვარს ამ ყვავილების ჩრდილში ჩაძინება და შემდეგ კომბრეს გარეუბანში სიარული, რა დროსაც ის აღფრთოვანებას განიცდის ქალაქის ეკლესიითა და მისი დეტალური აღწერით.
გადის პერიოდი და მარსელი თავის ძვირფას დროს კითხვაში ატარებს, რასაც ის ბალახებში წამოწოლილი აკეთებს. აქედან ის კარგად აკვირდება კათედრალის მოყვანილობას, მის კრამიტით დაფარულ კიდეებს, რა დროსაც დაებადება აზრი იმის შესახებ, რომ ის გარდაუვლად მწერალი უნდა გახდეს. ამ დროს მარსელი შემთხვევით გაეცნობა კომპოზიტორ ვინტელს, რომელიც მალევე გარდაიცვლება საკუთარი შვილის მიერ მიყენებული ტკივილის გამო. მარსელი ვინტელის შვილისა და მისი საყვარლის თვალთვალს იწყებს, რომლებიც თავიანთი საქციელით ლაფს ასხამენ დიდი კომპოზიტორის ამაგს. ერთ-ერთი სეირნობისას, ის სვანის მეუღლეს, ოდეტსა და მის ქალიშვილს შეხვდება, რომელიც ერთი ნახვით შეუყვარდება, თუმცა ის ამის შესახებ არაფერს ამბობს და მას მხოლოდ საკუთარ ფიქრებში აიდეალებს. გარდა ამისა, ის არწმუნებს საკუთარ თავს, რომ გოგოს არა ყავისფერი, არამედ ლურჯი თვალები აქვს.
ნაწარმოების თხრობა თხუთმეტი წლით ადრე ინაცვლებს, სადაც მთხრობელი სწორედ სვანისა და ოდეტის სიყვარულის ისტორიის შესახებ გადმოგვცემს დეტალურ ინფორმაციას. მიუხედავად იმისა, რომ ოდეტის რეპუტაცია სახალხოდ საკმაოდ საეჭვო სტატუსს ატარებს, სვანი მაინც მოხიბლულია მისით და მას ბოტიჩელის ცნობილი ნახატის პერსონაჟსაც კი ადარებს. მალე, ოდეტი სვანს ვენდურინების წრეს გააცნობს, რაც სვანისა და ოდეტის მთავარ სასიყვარულო სარბიელად გადაიქცევა. ვერდურინები გამუდმებით უკრავენ ვინტეეს სონატას, რომელიც შარლის გონებაში ოდეტისადმი სიყვარულთან ასოცირებას იწვევს. სვანს თანდათან უჩნდება ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ ოდეტი მას ღალატობს, რასაც, ერთ მშვენიერ დღეს, გრაფი ფორშვილისადმი გაგზავნილ წერილშიც აწყდება. სვანის ახლო მეგობარი, შარლუსი, ცდილობს, საკუთარ მეგობარი კვლავ შეარიგოს ოდეტთან, თუმცა, მალე ისიც უგზავნის სვანს წერილს ოდეტის მსუბუქი ყოფაქცევის შესახებ. მალე სვანი გადაწყვეტს, განერიდოს არისტოკრატიას, რის შემდეგაც ის იწყებს იმის დაჯერებას, რომ მან განიცადა ყველაზე დიდი სიყვარული მისთვის ყველაზე შეუფერებელი ქალის მიმართ.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გამოყენებული ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Bouillaguet, Annick and Rogers, Brian G. Dictionnaire Marcel Proust. Paris: Honoré Champion, 2004. ISBN 2-7453-0956-0
- Douglas-Fairbank, Robert. "In search of Marcel Proust" in the Guardian, November 17, 2002.
- Kilmartin, Terence. "Note on the Translation." Remembrance of Things Past. Vol. 1. New York: Vintage, 1981: ix–xii. ISBN 0-394-71182-3
- Painter, George. Marcel Proust: A Biography. Vol. 2. New York: Random House, 1959. ISBN 0-394-50041-5
- Proust, Marcel. (Carol Clark, Peter Collier, trans.) The Prisoner and The Fugitive. London: Penguin Books Ltd, 2003. ISBN 0-14-118035-8
- Shattuck, Roger. Proust's Binoculars. Chatto & Windus London, 1964.
- Shattuck, Roger. Proust's Way: A Field Guide To in Search of Lost Time. New York: W W Norton, 2000. ISBN 0-393-32180-0
- Tadié, J-Y. (Euan Cameron, trans.) Marcel Proust: A Life. New York: Penguin Putnam, 2000. ISBN 0-14-100203-4
- Terdiman, Richard. Present Past: Modernity and the Memory Crisis. Ithaca: Cornell UP, 1993. ISBN 0-8014-8132-5
- Woolf, Virginia. The Letters of Virginia Woolf. Eds. Nigel Nicolson and Joanne Trautmann. 7 vols. New York: Harcourt, 1976, 1977.
- Beugnet, Martin and Schmid, Marion. Proust at the Movies. Burlington, VT: Ashgate, 2004.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Project Gutenberg: Proust ebooks in French and English
- In Search of Lost Time book series at LibriVox (public domain audiobooks)
- Alarecherchedutempsperdu.com: French text
- TempsPerdu.com: a site devoted to the novel
- Reading Proust: translations and resources in English, including the "Penguin Proust" and the new edition from Yale University Press.
- University of Adelaide Library : electronic versions of the original novels and the translations of C. K. Scott Moncrieff
- Gregory, Woods. Proust, Marcel (1871–1922): À la recherche du temps perdu. glbtq.com.
- Marcel Proust – À la Recherche du Temps Perdu – Œuvre Intégrale (FR): Vidéo – Audio Book 17 tomes. Public Domain.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ https://www.guinnessworldrecords.com/world-records/longest-novel
- ↑ 2.0 2.1 თარგი:Cytuj pismo
- ↑ Edmund White, "Proust the Passionate Reader", The New York Review of Books (April 4, 2013), p. 20.