[go: up one dir, main page]

შინაარსზე გადასვლა

აული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აული ღუნიბი დაღესტანში. სერგეი პროკუდინ-გორსკის ფოტოგრაფია, 1904.

აული (თურქ. ავულ, ავილ, აილ — „სამოსახლო“, „სადგომი“) — კავკასიის მთიანი რეგიონების მცხოვრებთა ტრადიციული სოფელი. ჰქონდა თავდაცვითი დანიშნულება.

აულები ხშირად (მაგრამ არა ყოველთვის) საძოვრების ან სასმელი წყლის წყაროებთან ახლოსაა განლაგებული. ტიპური აული შედგება მთის ფერდობზე შეფენილი ქვის სახლებისგან, რომელთა უმეტესობა ორსართულიანია. შენობები, ჩვეულებრივ, ფასადით სამხრეთისკენაა მიქცეული. სახლები ერთმანეთთან მჭიდროდ მიჯრილია ისე, რომ ქვედა იარუსის სახლის სახურავი ზედასთვის ეზოს წარმოადგენს. სახლების ქვედა სართულებზე მოწყობილია გომური და სამეურნეო სათავსოები, ზედა სართულები საცხოვრებელია. ზოგჯერ სახლები მიწისქვეშა გასასვლელებით უკავშირდება ერთმანეთს. ზოგიერთ აულში შემორჩენილია ქვის კოშკები. აულის მოსახლეობა შეადგენდა თემს, რომელსაც სოფლის კრება მართავდა. მონათესავე გაერთიანებები (თუხუმები) სახლობდნენ აულის ცალკეულ უბნებში, რომლებიც ხშირად ამა თუ იმ გვარის მიხედვით იწოდებოდა. აულის ცენტრს წარმოადგენს მეჩეთი და მის წინ მოწყობილი მოედანი, რომელსაც გოდეკანი ეწოდება. ეს უკანასკნელი სხვადასხვა საკითხის განსახილველად ტრადიციულად მამაკაცების შეკრების ადგილია, თუმცა ასევე გამოიყენება საზოგადოებრივი ღონისძიებებისთვის, მათ შორის, ქორწილების გასამართად.

კავკასიის ომის (1817-1864) დროს აულები დიდ როლს თამაშობდა კავკასიელი მთიელების ბრძოლაში რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ. აულების რთული რელიეფის და მოხერხებული თავდაცვითი პოზიციების გამო რუსეთის ჯარს ამ დასახლებების დაუფლება პირდაპირი იერიშის გზით უწევდა, რაც დიდ მსხვერპლთან იყო დაკავშირებული.

სიტყვა „აული“ თურქულენოვანი წარმოშობისაა და თავდაპირველად ყაზახეთის, ცენტრალური აზიის და ბაშკირეთის ხალხებში მოძრავ, სეზონურად გადაადგილებად დასახლებას აღნიშნავდა. XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ამ ხალხების მომთაბარეობიდან მკვიდრ ცხოვრებაზე გადასვლასთან ერთად აული მუდმივი დასახლების, სოფლის აღმნიშვნელი სიტყვა გახდა. ჩრდილოეთ კავკასიის სლავური მოსახლეობა აულს ტრადიციულად უწოდებს სოფლის ტიპის ყველა დასახლებულ პუნქტს, სადაც არაქრისტიანი მოსახლეობაა. თანამედროვე რუსეთში „ოკატოს“ (ОКАТО, სრულიად რუსეთის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის ობიექტების კლასიფიკატორი) სისტემის მიხედვით, აულად მიიჩნევა სოფლის ტიპის დასახლებული პუნქტი ადიღური (ჩერქეზული), აბაზური, ყარაჩაული და ნოღაური მოსახლეობით ადიღეში, კრასნოდარის მხარესა და ყარაჩაი-ჩერქეზეთში, ნოღაური და თურქმენული მოსახლეობით სტავროპოლის მხარეში და ყაზახური მოსახლეობით ნოვოსიბირსკის და ომსკის ოლქებსა და ალთაის მხარეში.

  • Гальченко И. Е. Глоссарий лексики языков народов Северного Кавказа в русском языке. Орджоникидзе: Изд-во Сев.-Осет. гос. ун-та, 1975;
  • Карпов Ю. Ю. Взгляд на горцев. Взгляд с гор: Мировоззренческие аспекты культуры и социальный опыт горцев Дагестана. СПб.: Петербургское Востоковедение, 2007;
  • Народы России. Праздники, обычаи, обряды: Энциклопедия / Бронштейн М. Н., Жуковская Н. Л. и др. М.: ЗАО «РОСМЭН-ПРЕСС», 2008.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=აული&oldid=4029984“-დან