[go: up one dir, main page]

შინაარსზე გადასვლა

იდლეთის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იდლეთი.

იდლეთის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია — VI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების, არქიტექტურული და მონუმენტური ხელოვნების ძეგლი — იოანე ნათლისმცემლის ეკლესია, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლეთის განაპირას. ეკლესიას 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

თარიღდება VI საუკუნის I ნახევრით. ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანია (7,5X 7 მ. ), ნაგებია ქვიშაქვის დიდი ლოდებით. ნაგებობის გეგმა თანაბარმკლავიან ჯვარს წარმოადგენს. შესასვლელი დასავლეთიდანაა. აღმოსავლეთ მკლავში ნახევარწრიული აფსიდია. აფსიდში და სამხრეთ მკლავში თითო სარკმელია. აფსიდში, სარკმლის ქვეშ, კედელზე მყარად მიმაგრებულია მოზრდილი სატრაპეზო ქვა. გუმბათის ყელის საბჯენი თაღების ქუსლებთან, კუთხეებში მასიური თაროებია დაყოლებული. თაროების დონეზე საბჯენი თაღები 0,12-0,14 მ-ით მკლავის სიღრმეშია შეწეული, რითაც უფრო ფართო კვადრატი წარმოიქმნება. ამ კვადრატზე აღმართულია გუმბათის ყელი. გუმბათის ყელის ოთხივე კუთხეში ტრომპებია. მათ საბჯენი თაღები არა აქვთ და ამოყვანილია ქარგილებით. გუმბათის კამარის ქუსლამდე გრძელდება ტრომპებზე აყვანილი სიბრტყეები, რომელთა თავზე იქმნება სამკუთხოვანი თაროები. აქედან კამარის წვერამდე გუმბათს ოთხივე ნაკერი გასდევს. გუმბათის ყელში ოთხი სარკმელია: აღმოსავლეთისა შედარებით ფართო და თაღოვანია, დანარჩენი სამი სწორკუთხა. გუმბათის ყელის კუბური სივრცე გადახურულია ოთხი სეგმენტით შეკრული კამარით. გუმბათი ზევითკენ ვიწროვდება და ოთხივე კუთხე ჩამოთლილი აქვს.

ეკლესია შიგნით შელესილი და მოხატული ყოფილა. შემორჩენილია შელესილობისა და XII საუკუნის მხატვრობის ძლიერ დაზიანებული ფრაგმენტები. გუმბათში გაირჩევა ამაღლების კომპოზიცია თორმეტი მოციქულით. საკურთხევლის კონქში ვედრების ფრაგმენტია, ქვემოთ, საკურთხევლის კედლებზე — ეკლესიის მამათა ექვსი ფიგურა. საკურთხევლის სარკმელი შემკულია ორი ორნამენტული ზოლით. სამხრეთ მკლავის სამხრეთ კედელზე გამოსახულია ჰეროდეს ნადიმის სცენა, აღმოსავლეთ კედელზე ნათლისღების ფრაგმენტია. ჩრდილოეთ მკლავის კამარაში ჩანს წმინდანის აბრისები. მოხატულობის განაწილება კედლებზე, ზოგ შემთხვევაში, არ არის ისე ზუსტად შეფარდებული არქიტექტურულ ფორმებთან, როგორც ეს დამახასიათებელია XI საუკუნის მხატვრობისათვის. ნახატი მკაცრი და ამავე დროს მოქნილია, ფერადოვანი ზედაპირის დამუშავება გრაფიკული ხასიათისაა. მოხატულობის კოლორიტი მოწითალო-ყავისფერისა და ნაცრისფერის შეხამებაზეა აგებული. ეკლესიის გუმბათის ყელზე გამოსახულია სამი რელიეფური ჯვარი: ერთი სამხრეთ წიბოზე, სარკმლიდან მარჯვნივ, ორი ჩრდილოეთ წიბოზე, დასავლეთ ფასადზე შესასვლელი არქიტრავი თითქმის მთელ დასავლეთ მკლავს მიჰყვება.

დასავლეთის მხრიდან ეკლესიისათვის მოგვიანებით მიუშენებიათ სათავსი - ე.წ. „საქალებო“. გეგმით სწორკუთხა ნაგებობის სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებზე ამოყვანილია სამი წყვილი მასიური პილასტრი, რომელთა თავზე ცილინდრული კამარის საბჯენი თაღები გადადის. შესავლელი ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებშია, ერთადერთი სარკმელი - დასავლეთ კედელში, საქალებოს აშენების დროს ეკლესია შეუკეთებიათ და მისთვის ლავგარდანი შემოუყოლებიათ.

იდლეთის ნათლსიმცემლის ძირითად თავისებურებას წარმოადგენს ოთხკუთხა დაბალი გუმბათი, რაც გამონაკლისია ფეოდალური ხანის ქართულ არქიტექტურაში. აღსანიშნავია ისიც, რომ ეკლესიას ერთადერთი კარი აქვს დასავლეთ მკლავში.