ზურტაკეტი
ზურტაკეტი — ისტორიული მხარე სამხრეთ საქართველოში, ახლანდელ დმანისის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს გომარეთის პლატოზე, მდ. შავწყაროსწყლის (ხრამის მარჯვ. შენაკადი) ხეობაში. დასავლეთიდან ზურტაკეტს ესაზღვრება ჯავახეთის ქედი, ჩრდილოეთით – კვირიკეთის ქედი, აღმოსავლით – ხრამის ხეობა, სამხრეთით – ლუკუნის მთა. პლატოს სიმაღლე 1200–1600 მ.
გეოგრაფიული აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვახუშტი ბატონიშვილი (XVIII ს.) თავის „გეოგრაფიაში“ ზურტაკეტის აღწერას იძლევა, 46 სოფლის სიას კი აწერია – „გომარეთი და ზურტაკეტა“. შესაძლოა ეს ფაქტიც ამ გეოგრაფიულ ერთეულში ჩამოყალიბებულ ორ მიკროქვეყანაზე მეტყველებს.
აღწერა ზურტაკეტისა. არამედ ლუკუნის მთის ჩდილოთ კერძს არს მდინარე ზურტაკეტისა; გამოსდის შამბიანის მთას და მიერთვის ქციას მდინარეს. ხოლო განჰყოფს ჴეობასა ამას: აღმოსავლით ქციის ჴრამი, სამჴრით მთა ლუკუნისა, ჩდილოთ მთა კჳრიკეთისა და დასავლით მთა შამბიანისა. არამედ მთასა ამას შამბიანი ეწოდების შამბბალახ სიმაღლისაგან, რამეთუ ცხენოსანი კაცი და რქოსანი ირემი არა გამოჩნდების. არამედ არს მთა ესე მაღალი და ვრცელი, ჩდილოდამ სამჴრით, და მდებარეობს მარადის თოვლი. გარნა ყუავილებითა მრავალფერ მშუენვარითა და მფშუენითა, და წყაროთა შემკული არს; უტყეო, გარნა ჴევთა არყნალნი. აქა არს ფუნდუკი თამარ მეფისაგან აღშენებული ზამთარ მოგზაურთათჳს. ხოლო სხუა არს ჴევი ფუნდუკისა, სხუა შამბიანისა, სხუა არყნალისა. არყნალშამბიანის ჴევს შუა არს წყარო შუენიერი, რომელი მარმარილოთი აღაშენა ჟ̃დ მეფემან ვახტანგ. - ამ მთასა შინა არს ირემთა სიმრავლე ჯოგ-ჯოგად და ხროდ, და სხუათა ნადირთაცა. მოინადირა ჟ̃დ მეფემან ვახტანგ, და მოკლეს დღესა ერთსა რ̃პ. ხოლო არს დაბა ველსა ზედა შავი-წყარო - ყარაბულახი, ამიერ და იმიერ უდის წყაროსაგან მდინარენი სავსე კალმახითა, არამედ სამჴრეთის კალმახი არს შავი და ჩდილოსი თეთრი და უკეთუ ჩასუა ჩდილოსი სამჴრით, გაშავდების და სამჴრეთისა ჩდილოთ ჩასმული განსპეტაკდების. და ამის სამჴრით არს ციხე მაღალი, კლდის ზღუდით მოზღუდვილი, წოდებული მუსის ციხეყალა; შიგან სდის წყარო, და ზურტაკეტა ამას ქუეით დის ჩდილოთაღმოსავლეთს შუა. ხოლო ამას ეწოდა რადაბრაგანი. და ყარაბულახს ქუევით ზურტაკეტას ერთვის საფიქლის-ჴევი, გამოსდის ქარვასლის-ჴევსა, მოერთვის აქ ზურტაკეტას. შესაყარს ერთვის მეორე საფიქლის-ჴევი. აქა არს დაბა დიდი გომარეთი, ვითარცა მცირე ქალაქი. ზურტაკეტასა შინა არა არს თევზი, თჳნიერ კალმახისა, და იგი მრავალი. კჳრიკეთის მთას უწოდებენ ეკლესიისთჳს, რომელი შენებულ არს თხემსა მთისასა, წმიდის კვირიკესი. და მთა ესე არს ტყიანი და ნადირიანი, არამედ არა არს ჴეობასა ამას შინა ვენახნი, ხილნი თჳნიერ მთის ხილთაგან კიდე, და ნაყოფითაცა ეგრეთვე, ვითარცა სხუანი მთის ადგილნი.
მატერიალური კულტურის ძეგლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მატერიალური კულტურის ძეგლებიდან აღსანიშნავია გათხრილი და შესწავლილი ყორღანები, რომლებიც ძვ. წ. II ათასწლეულის I ნახევრით თარიღდება (ო. ჯაფარიძე). შუა საუკუნეთა ძეგლებიდან გამოირჩევა ციხე-ქვაბი და მუსის ციხე, გომარეთის ადრეული სტელები, ეკლესიების დიდი რაოდენობა, რომელთაც მნიშვნელოვანი წარწერები ახლავთ. საყურადღებოა ქარვასლის ნანგრევი სოფ. სალამალეიქის (ახლანდ. სოფ. ქარვასლა) მახლობლად; იგი, ვახუშტი ბატონიშვილის სიტყვით, ყოფილა „თამარ მეფისაგან აღშენებული ზამთარ მოგზაურთათვის“. ამჟამად იქაური მოსახლეობა ნარევია (ქართველები, სომხები, თურქულენოვანი ბერძნები). უდიდესი ქართული სოფელია გომარეთი, რომელიც ძვ. წყაროებშიც ასევე მოიხსენიება. ვახუშტი წერს: „აქა არს დაბა დიდი გომარეთი, ვითარცა მცირე ქალაქი“. მხარის დაწინაურებას ხელს უწყობდა ქვემო ქართლიდან ჯავახეთისაკენ გამავალი გზა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვახუშტი, „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (საქართველოს გეოგრაფია), თ. ლომოურის და ნ. ბერძენიშვილის რედ., თბ., 1941.
- ბერძენიშვილი დ., „თრიალეთის უცნობი წარწერები“, «საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული», 1982, ტ. 6
- ჯაფარიძე ო., არქეოლოგიური გათხრები თრიალეთში, თბ., 1969. დ. ბერძენიშვილი