ესთერი
- ეს სტატია ეხება სპარსეთის ბიბლიურ დედოფალ ესთერს, თავად ბიბლიური ნაწარმოების სანახავად იხილეთ წიგნი ესთერისა.
ესთერი | |
---|---|
წოდებები
სპარსეთის ბიბლიური დედოფალი | |
მეუღლე(ები) | ქსერქსე I |
მამა | აბიჰაილი |
რელიგია | იუდაიზმი |
ესთერი (ებრ. אסתר) — ებრაული წარმოშობის სპარსეთის ბიბლიური დედოფალი დაახლოებით ძვ.წ. 486- ძვ.წ.465 წლებში როგორც მეფე ქსერქსე I-ის მეუღლე. მეფე სილამაზით ცნობილ ესთერზე მხოლოდ მას შემდეგ ქორწინდება, რაც თავისი ცოლი, დედოფალი ვაშტი უარს იტყვის მის მორჩილებაზე. ტახტზე ასვლის შემდეგ საკუთარი თავი და თავისი ხალხი იხსნა შეთქმულებისაგან, რომელიც კარის უხუცესმა და ესთერის გამზრდელის, მორდექაის მტერმა, ჰამანმა ჩაიფიქრა, რითაც საფუძველი ჩაეყარა პურიმის დღესასწაულს.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ებრაულ ბიბლიაში ესთერის დაბადებისა და ბავშვობის შესახებ არაფერი წერია. მის შესახებ მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ წარმოშობით ებრაელი იყო, იუდეველთა ტომიდან, მამამისი კი ერთ-ერთი დიდებული ყოფილა, სახელად აბიჰაილი.
სიუჟეტის მიხედვით, აქემენიანთა სპარსეთის მთვრალმა მეფე ქსერქსე I-მა (ბიბლიაში იგი აჰასუერუსის სახელითაა მოხსენიებული) თავის ცოლს, დედოფალ ვაშტის, ერთ-ერთი ფესტივალის მსვლელობისას სტუმრების წინაშე მისი „სილამაზის ჩვენება“ მოსთხოვა, რაზეც მისგან კატეგორიული უარი მიიღო. ცოლის დაუმორჩილებლობამ განარისხა მეფე, რომელმაც უარყო და გააძევა ვაშტი, რის შემდეგაც ახალი მეუღლის ძიებას იწყებს. ასარჩევად მისი ჰარამხანიდან ულამაზესი გოგონები მიჰგვარეს ქსერქსეს, რომელმაც მათ შორის ესთერი ამოარჩია.
ესთერი იყო ბაბილონის ტყვეობისას გადასახლებული ებრაელი დიდებულის, მორდექაის ბიძაშვილი, რომელიც თავის მხრივ ისრაელის მეფე საულის წინაპარი იყო. რამდენადაც ცნობილია ესთერი ადრე დაობლდა და სწორედ მორდექაიმ იკისრა მისი აღზრდა. მას შემდეგ, რაც იგი მეფის საცოლედ შეარჩიეს, ესთერი სამეფო კარზე გადავიდა, სადაც ევნუქ ჰეგაი ამზადებდა ქსერქსესთან შესახვედრად. მეფეს იგი პირველივე ნახვისას შეუყვარდა და მისი დედოფლად დასმა განიზრახა, რის გამოც ესთერს მორდიქაი ყოველდღე ხვდებოდა და რჩევა-დარიგებას აძლევდა იმის თაობაზე, თუ როგორ დაემალა თავისი ებრაული წარმომავლობა. ვინაიდან სპარსეთში ებრაელები არც ისე დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ, შესაძლო იყო ქორწილი ჩაშლილიყო, ამიტომაც ესთერი მკაცრ მომზადებას გადიოდა.
ქსერქსე და ესთერი დაქორწინდნენ, რის შემდეგაც იგი სპარსეთის დედოფალი ხდება. ისტორიკოსთა ვარაუდით, ეს დაახლოებით ძვ.წ. 486 წელს მოხდა. მოგვიანებით, მორდიქაისა და მეფის მთავარ მრჩეველ ჰამანს შორის დაპირისპირება დაიწყო, რომელმაც ქსერქსესაგან მოახერხა ნებართვის მიღება და სპარსეთში მცხოვრები ებრაელები სასტიკად ამოხოცა. ამ დროს ესთერი იგებს, რომ მორდექაი მეფისათვის მისი ცოლის ვინაობის გამხელას აპირებს, რათა ასე მაინც შეაჩეროს სისხლის ღვრა, რის გამოც დედოფალი მას აზრის შეცვლას ემუდარება. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ მორდიქაიმ ესთერს თავად აიძულა მეფისათვის სიმართლის თქმა. მიუხედავად ამისა, დედოფალი ყოყმანობს, რადგან სიკვდილით დასჯის ეშინია. შიშის მიუხედავად, ესთერმა ქსერქსეს სიმართლე გაუმხილა, რის გამოც მათ შორის ცოტა ხანს ურთიერთობა გაცივდა, მაგრამ მეფეს საყვარელ ცოლზე გული მალევე მოუბრუნდა. ამის შემდეგ მეფე თავის ცოლს ერთ-ერთი ბანკეტის მსვლელობისას ეკითხება თუ რა სურს, რის შემდეგაც ესთერი მას გაუმხელს, რომ თავისი სიცოცხლის გადარჩენა და ებრაელების განთავისუფლება უნდა. განრისხებული მეფე ეკითხება, თუ ვინ უქმნის მის სიცოცხლეს საფრთხეს, ესთერი კი ჰამანს ასახელებს. იგი მეფეს მუხლებში ჩაუვარდა, თუმცა ქსერქსე ფიქრობდა, რომ ჰამანი ესთერს თავს დაესხა, რის გამოც იგი მალევე სიკვდილით დასაჯეს, რის შემდეგაც მთელი მისი ქონება ესთერს გადაეცა, ხოლო პირველი მრჩეველი მორდექაი გახდა. ამის შემდეგ, დედოფალი მეფეს ებრაელთა ხოცვის შეჩერებას სთხოვს, რაზეც თანხმობას იღებს. ესთერმა და მორდექაიმ ახალი ბრძანება გამოსცეს, რომელიც ებრაელებს გაუგზავნეს. ამის მიხედვით, ებრაელებს მიეცათ ნება მოეკლათ ნებისმიერი, ვინც მათ სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნიდა, მოკლულის ქონება და ოჯახი კი მათ საკუთრებაში გადადიოდა.
ადარის მეცამეტე დღეს (ადარი ეწოდება ჰამანის მიერ დაწყებულ ებრაელთა ხოცვას) ებრაელებმა ერთ ქალაქში 500 კაცი მოკლეს, თუმცა მათი ქონება არ მიუსაკუთრებიათ. მეთოთხმეტე დღეს, მათ 75,000 ადამიანი მოკლეს. ეს ფაქტი მიიჩნევა ებრაელი ერის გადარჩენად, რის გამოც ესთერი გმირად ითვლება.
აღსანიშნავია, რომ ამ ფაქტის შემდეგ დედოფალ ესთერზე თხრობა წყდება. მიიჩნევა, რომ ძვ.წ. 465 წელს, ქსერქსეს გარდაცვალების დროს იგი კვლავ ცოცხალი იყო, თუმცა ამის შესახებ ისტორიული ცნობები არ არსებობს.
დედოფალი ესთერის სახელს უკავშირდება პურიმის დღესასწაულის დაარსება, რომელსაც ებრაელები ყოველწლიურად აღნიშნავენ. ამ დღეს ისინი ძლევამოსილ მტერზე გამარჯვებას ზეიმობენ.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
ესთერის წარდგინება მეფის წინაშე. ტილო შესრულებულია 1628-1635 წლებში, არტემიზია ჯენტილესკის მიერ.
-
დედოფალი ესთერი მეფეს თავისი ეროვნების შესახებ ამცნობს. ტილო შექმნილია 1547-1548 წლებში ტინტორენტოს მიერ.
-
ესთერი მეფესთან ასმენს ჰამანს
-
ესთერი და მორდექაი გამოსცემენ ახალ ბრძანებულებას
-
ესთერისა და მორდექაის საზეიმო სუფრა, რომელიც ებრაელთა გადარჩენას ეძღვნება, რითაც საფუძველი ჩაეყარა პურიმის დღესასწაულს
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Littman, Robert J. (January 1975). "The Religious Policy of Xerxes and the Book of Esther". The Jewish Quarterly Review. 65 (3): 145–155. doi:10.2307/1454354. JSTOR 1454354.
- Brettler, Marc; Newsom, Carol; Perkins, Pheme (2018). "Esther". The New Oxford Annotated Bible: New Revised Standard Version. Oxford University Press. p. 715. ISBN 9780190276065.
- Mary Joan Winn Leith (2011). Coogan, Michael D. (ed.). The Oxford Encyclopedia of the Books of the Bible. Oxford University Press. p. 252. ISBN 9780195377378. Esther, cognate with Ishtar... and/or the Persian word stara, "star".
- Yahuda, A. S. (1946). "The Meaning of the name Esther". Journal of the Royal Asiatic Society. 78 (3–4): 174. doi:10.1017/S0035869X00100413. ISSN 1474-0591.
- Abusch, T. (1999). "Ishtar". In Karel van der Toom, Bob Becking, Pieter W. van der Horst, eds. Dictionary of Deities and Demons in the Bible. 2nd extensively rev. ed. Brill. p. 455.
- Barton, John; Muddiman, John (2001-09-06). "Esther". The Oxford Bible Commentary. Oxford University Press. ISBN 978-0-19875500-5.
- Solle, Dorothee (2006). Great Women of the Bible: In Art and Literature. Fortress Press. p. 107. ISBN 0800635574. Retrieved 22 August 2019.
- McDonald, Lee Martin (2006-11-01). The Biblical Canon: Its Origin, Transmission, and Authority. Baker Academic. pp. 56, 109, 128, 131. ISBN 978-0-80104710-7.
- Koller, Aaron (2014). Esther in Ancient Jewish Thought. Cambridge University Press. p. 38n11. ISBN 9781107048355.