[go: up one dir, main page]

უინსტონ ჩერჩილი

(გადამისამართდა გვერდიდან ჩერჩილი, უინსტონ)

უინსტონ ჩერჩილი (ინგლ. Winston Churchill), სრული სახელი - სერ უინსტონ ლეონარდ სპენსერ ჩერჩილი (ინგლ. Sir Winston Leonard Spencer-Churchill, დ. 30 ნოემბერი 1874 — გ. 24 იანვარი 1965) — ბრიტანელი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, სამხედრო, ორატორი და მწერალი. გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი მეორე მსოფლიო ომის დროს 1940—1945 წლებში და მეორედ - 1951—1955 წლებში. „დიდი სამეულის“ ერთ–ერთი წევრი. ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში (1953).

სერ უინსტონ ჩერჩილი
Sir Winston Churchill
სერ უინსტონ ჩერჩილი Sir Winston Churchill
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
26 ოქტომბერი, 1951 – 7 აპრილი, 1955
მონარქი  ჯორჯ VI
ელისაბედ II
წინამორბედიკლემენტ ეტლი
მემკვიდრეენტონი იდენი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
10 მაისი, 1940 – 27 ივლისი, 1945
მონარქი  ჯორჯ VI
წინამორბედინევილ ჩემბერლენი
მემკვიდრეკლემენტ ეტლი

ფინანსთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
6 ნოემბერი, 1924 – 4 ივნისი, 1929
პრემიერ-მინისტრისტენლი ბოლდვინი

შინაგან საქმეთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
19 თებერვალი, 1910 – 24 ოქტომბერი, 1911
პრემიერ-მინისტრიჰერბერტ ჰენრი ასკვიტი

დაბადებული30 ნოემბერი, 1874
ბლენჰეიმი, ოქსფორდშირი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო
გარდაცვლილი24 იანვარი, 1965 (90 წლის)
კენსინგტონი, ლონდონი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო
ეროვნებაინგლისელი
პოლიტიკური პარტიაკონსერვატიული (1900–1904, 1924–1964)
ლიბერალური (1904–1924)
მამა ლორდი რენდოლფ ჩერჩილი
დედაჯენი სპენსერ-ჩერჩილი
მეუღლეკლემენტინა ჩერჩილი
შვილებიდიანა, რენდოლფი, სარა, მერიგოლდი და მერი
განათლებაჰეროუს სკოლა, სამეფო სამხედრო კოლეჯი

უინსტონ ჩერჩილი გაერთიანებული სამეფოს ისტორიაში შევიდა, როგორც XX საუკუნის ერთ-ერთი გამოჩენილი პოლიტიკოსი, რომელიც ხელისუფლებაში 6 მონარქის მმართველობის პერიოდში მოღვაწეობდა დაწყებული დედოფალ ვიქტორიადან, დამთავრებული ელისაბედ მეორეთი. მონაწილეობდა ანგლო-სუდანის ომში. პერიოდულად მისი ნახატები სამეფო აკადემიის დარბაზებში იფინებოდა. ჩერჩილი იყო თავისი დროის უდიდესი ორატორი.


ბავშვობა და ახალგაზრდობა

რედაქტირება

უინსტონ ჩერჩილი 1874 წლის 30 ნეომბერს ჰერცოგ მალბოროს საგვარეულო მამულში, ბლენჰეიმების სასახლეში დაიბადა. ჩერჩილის მამა - ლორდ რენდოლფ სპენსერ-ჩერჩილი, მე-7 ჰერცოგ მალბოროს მე-3 შვილი, ცნობილი პოლიტიკოსი, თემთა პალატის დეპუტატი იყო კონსერვატიული პარტიიდან, ეკავა ფინანსთა კანცლერის თანამდებობა. დედა - ლედი რენდოლფ ჩერჩილი, ქალიშვილობაში ჯენი ჯერომი (ინგლ. Jennie Jerome), მდიდარი ამერიკელი ბიზნესმენის შვილი იყო.

მამა გატაცებული იყო პოლიტიკური ცხოვრებით. დედა აქტიურად იყო ჩაბმული მაღალი საზოგადოების ცხოვრებაში. მშობლები შვილს არასათანადო ყურადღებას აქცევდნენ. 1875 წლიდან ბავშვის აღზრდა ძიძას, ელიზაბეტ ენ ევერესტს (ინგლ. Elizabeth Anne Everest), მიანდეს. მას ძლიერ უყვარდა უინსტონი და ჩერჩილისათვისაც იგი ყოველთვის ერთ-ერთი უახლოესი ადამიანი იყო.

როდესაც ჩერჩილს 8 წელი შეუსრულდა, იგი სენტ-ჯორჯის მოსამზადებელ სკოლაში გაგზავნეს. სკოლაში მოქმედებდა ფიზიკური სასჯელი და უინსტონი, რომელიც მუდმივად არღვევდა დისციპლინას, ხშირად ხდებოდა სასჯელის მსხვერპლი. მას შემდეგ, რაც მისმა ძიძამ, რომელიც რეგულარულად აკითხავდა, აღმოაჩინა ბავშვის ტანზე დალურჯებები, მაშინვე აცნობა დედას და უინსტონი, ბრაიტონში, დები ტომსონების სკოლაში გადაიყვანეს. გადასვლის შემდეგ მისი წარმატებები სწავლაში გაუმჯობესდა, მაგრამ ყოფა-ქცევის ატესტაცია შემდეგნაირად ჟღერდა: „მოსწავლეთა რაოდენობა კლასში — 13. ადგილი — მე-13“.

1886 წელს, მან მძიმე ფილტვების ანთება გადაიტანა. სუსტი ჯანმრთელობისა და სწავლაში საეჭვო მიღწევების გამო, მშობლებმა იგი არა იტონში (სადაც მალბოროების მრავალი თაობა აღიზარდა), არამედ ჰაროუს სკოლაში (ინგლ. Harrow School) გაგზავნეს. 1889 წელს იგი „სამხედრო კლასში“ გადავიდა, სადაც საერთოსაგანმანათლებლო საგნების შესწავლასთან ერთად, მოსწავლეებს სამხედრო კარიერისთვის ამზადებდნენ. სკოლა მან იმ 12 მოსწავლესთან ერთად დაამთავრა, რომლებმაც შეძლეს და ჩააბარეს გამოცდა ყველა საგანში, უინსტონმა განსაკუთრებულ წარმატებას ისტორიის საგანში მიაღწია. ჰეროუში ის ფარიკაობით დაკავდა და 1892 წელს სკოლის ჩემპიონიც გახდა.

1893 წლის 28 ივნისს, ჩერჩილი მესამედ ცდილობს ჩააბაროს გამოცდები სამეფო სამხედრო სასწავლებელში სენდჰიორსტში (სირთულეები ლათინურის წერით სამუშაოებთან ჰქონდა), ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სამხედრო სასწავლებელში დიდ ბრიტანეთში, მაგრამ დაბალი შედეგის გამო (92 102-დან) ის ხდება კურსანტი-კავალერისტი და მხოლოდ მას შემდეგ გადადის უფრო პრესტიჟულ ფეხოსანთა კლასში, როდესაც რამდენიმე კონკურსანტი უარს აცხადებს ჩაბარებაზე. სენდჰიორსტში ის 1893 წლის სექტემბრიდან 1894 წლის დეკემბრამდე სწავლობს და ამთავრებს რეიტინგით მე-20 130 სტუდენტიდან (სხვა ცნობებით მე-8 150-დან). 1895 წლის 20 თებერვალს ჩერჩილს უმცროსი ლეიტენანტის ჩინს ანიჭებენ.

იმავე წელს მან რამდენიმე მძიმე დანაკლისი განიცადა: იანვარში კვდება მამამისი, ხოლო ივლისში პერიტონიტისგან მისი საყვარელი ძიძა.

ამერიკული სამსახური და პირველი ლიტერატურული გამოცდილება

რედაქტირება
 
ჩერჩილი სამხედრო ფორმაში

ჩინის მიღების შემდეგ ჩერჩილი მისი უდიდებულესობის ჰუსართა პოლკში ირიციხება. შესაძლებელია, სწორედ მაშინ გააცნობიერა მან, რომ სამხედრო კარიერა მას არცთუ ძალიან იზიდავდა: „რაც უფრო დიდ ხანს ვმსახურობ, მით უფრო მეტად ვრწმუნდები იმაში, რომ ეს ჩემთვის არაა“, - წერდა იგი ლედი რენდოლფს 1895 წლის 16 აგვისტოს.

1895 წელს, დედის ფართო სანაცნობო ხაზის დახმარებით ჩერჩილი კუბაში გაგზავნეს, გაზეთ „დეილი გრაფიკის“ (ინგლ. Daily Graphic) სამხედრო კორესპონდენტის რანგში, რათა გაეშუქებინა ადგილობრივი მოსახლეობის აჯანყება ესპანელების წინააღმდეგ, მაგრამ ამას მოჰყვა რეალური საქმე. ესპანელთა მეთაურობის ქვეშ, იგი პირველად მოხვდა ცეცხლის ხაზში. გაზეთმა მისი 5 სტატია გამოაქვეყნა, რომელთაგან რამდენიმე „ნიუ-იორკ ტაიმსმაც“ დაბეჭდა. სტატიებმა მკითხველის მოწონება დაიმსახურა და ჰონორარმაც 25 გინეა შეადგინა, რაც იმ დროსითვის ჩერჩილისთვის საკმაოდ დიდ თანხას წარმოადგენდა. ესპანეთის მთავრობამ კი ის "წითელი ჯვრის" მედლით დააჯილდოვა და ამან დაუდო ჩერჩილის, როგორც სკანდალური პიროვნების, პოპულარობას სათავე, ვინაიდან ბრიტანული პრესა დაეჭვდა კორესპონდენტის ნეიტრალურობაში. ჯილდოებთან და ლიტერატურულ სახელთან ერთად, მან კუბაში ორი ჩვევა შეიძინა, რომელიც მას ცხოვრების ბოლომდე გაჰყვა: კუბური სიგარების სიყვარული და სადილის შემდგომი დასვენება - სიესტა. ბრიტანეთისკენ უკანა გზაზე, ჩერჩილი პირველად ჩადის ამერიკაში.

1896 წლის ოქტომბერში პოლკი მიემგზავრება ინდოეთში და ბინას იდებს ბენგალურუში. ჩერჩილი ბევრს კითხულობს, ცდილობს რა ამით აინაზღაუროს უნივერსიტეტის განათლების არ ქონის დანაკლისი და ასევე ხდება პოლოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე პოლკში. თანაპოლკელებთა თქმით, ის კეთილსინდისიერად ეპყრობოდა ოფიცრის მოვალეობებს და დიდ დროს უთმობდა ჯარისკაცებთან და სერჟანტებთან ერთად მუშაობას, მაგრამ სამსახურის რუტინა მისთვის ძალიან დამღლელი იყო, ორჯერ აიღო შვებულება ინგლისში (მათ შორის დედოფალ ვიქტორიას 60 წლიანი მმართველობის აღსანიშნავად), მოგზაურობდა ინდოეთში, მოინახულა კალკუტა და ჰაიდარაბადი.

1897 წლის შემოდგომაზე ჩერჩილს, კვლავ დედის სანაცნობო წრის შუამდგომლობით, გზავნიან მალაკანდის მთიან ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, სადაც საექსპედიციო კორპუსი ცდილობს ჩაახშოს პუშტუნების (უპირველეს ყოვლისა მოჰმანდების) ტომების აჯანყება. ეს კამპანია კუბურ კამპანიაზე სახიფათო და მკაცრი აღმოჩნდა. ოპერაციის მსვლელობის დროს ჩერჩილმა დიდი სიმამაცე გამოავლინა, მიუხედავად იმისა, რომ რისკი უმეტეს შემთხვევაში გამოწვეული იყო ბრავადოს მიერ და არა აუცილებლობით. ის სწერდა დედას: „ყველაფერზე მეტად ამ ცხოვრებაში მე მივისწრაფვი, რომ მოვიპოვო მამაცის რეპუტაცია“.

ბებიისათვის, ჰერცოგინია მალბოროსადმი, მიწერილ წერილში, ის თანაბრად აკრიტიკებს ორივე მხარის სისასტიკეს და თვითონ კამპანიის უაზრობას: „პუშტუნების ტომები დაჭრილებს აწამებენ და მკვდრებს კი ასახიჩრებენ. ჯარისკაცები არასდროს ტოვებენ ტყვედ ჩავარდნილ მოწინააღმდეგეს ცოცხლად, მიუხედავად იმისა, დაჭრილია თუ არა. ფრონტის საავადმყოფოები და ავადმყოფებით დატვირთული კონვოები მტრისთვის განსაკუთრებულ სამიზნეებს წარმოადგენენ, ვანადგურებთ რეზერვუარებს, რომლებიც წყლის ერთადერთი წყაროა ზაფხულში და მათ წინააღმდეგ ახალ, „დუმ-დუმის“ ტყვიებს ვიყენებთ, რომელთა გამანადგურებელი ეფექტი უბრალოდ საშინელია... ფინანსურად ეს დამანგრეველია, მორალურად გაუმართლებელი, სამხედრო თვალსაზრისით კამპანიის აზრი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და პოლიტიკურად კი დიდი შეცდომაა“.

წერილი პირველად „დეილი ტელეგრაფში“ გამოაქვეყნეს, კამპანიის დასრულების შემდეგ კი 8500 ეგზემპლარით გამოსცეს მისი წიგნი მალაკანდის საველე კორპუსის ისტორია (ინგლ. The Story of the Malakand Field Force). წიგნის დაჩქარებული გამოცემის გამო, გაიპარა უამრავი ტიპოგრაფიული შეცდომა, ჩერჩილმა სულ 200–მდე დაითვალა და შემდეგ ყოველთვის მოითხოვდა მათ შესწორებას გამომცემლობის მიერ.

მალაკანდიდან მშვიდობიანად დაბრუნების შემდეგ, ჩერჩილი ცდილობს მოიპოვოს საგზური ჩრდილოეთ აფრიკისკენ, რათა გააშუქოს მაჰდისტის აჯანყება სუდანში. სურვილს, წასულიყო მორიგ ჟურნალისტურ მისიაზე, მეთაურთა კეთილი ნება არ ხვდომია წილად, ამიტომ ჩერჩილი პრემიერ–მინისტრ ლორდ სოლსბერს სწერს, სადაც გულახდილად ამბობს, რომ წასვლის მიზანი არ არის მხოლოდ ჟურნალისტური სურვილი გააშუქოს ისტორიული მომენტი, არამედ ეს შემთხვევა მისთვის არის საშუალება, რომ აღიდგინოს ფინანსური წონასწორობა, რომელიც წიგნის გამოცემამ საგრძნობლად შეარყია. შედეგად მისი თხოვნა კმაყოფილდება, მას მაღალშტატიან ლეიტენანტის თანამდებობაზე ნიშნავენ, მხოლოდ დაჭრის ან სიკვდილის შემთხვევაში მატერიალურ ხარჯებს სამინისტრო არ უზრუნველყოფს.

მიუხედავად იმისა, რომ აჯანყებულთა მხარეს იყო რიცხვობრივი უპირატესობა, ანგლო–ეგვიპტური კავშირის არმია მაინც ერთი ნაბიჯით წინ იყო, ვინაიდან იგი უახლესი ტექნიკით იყო აღჭურვილი – მრავალჯერიანი სასროლი იარაღი, არტილერია, კანონიური ნავები და იმ დროინდელი ტექნიკის უკანასკნელი გამოძახილი – მაქსიმის ტყვიამფრქვევი. გენერალურ ბრძოლაში, ამდურმანში, ჩერჩილმა პირადად მიიღო მონაწილეობა ბრიტანეთის არმიის კავალერიის შეტევაში. მან თავად აღწერა ეს ეპიზოდი:

„შევმართე ცხენი ჩორთზე და გავჭენდი მოწინააღმდეგისკენ პისტოლეტის სროლით, რამდენიმე მოვკალი – 3 ნამდვილად – 2 საეჭვოა – 1 ძალიან საეჭვოა“. (ინგლ. I pulled to a trot and rode up to individuals firing my pistol in their faces and killing several — 3 for certain — 2 doubtful — one very doubtful)

რეპორტაჟში ის ინგლისის ჯარების მეთაურს, მომავალ კაბინეტის კოლეგას გენერალ კიტჩენერს აკრიტიკებს, ტყვეებისა და დაჭრილების მკაცრი მოპყრობისა და ადგილობრივი ჩვეულებების უპატივცემულობის გამო. „ის დიდი გენერალია, მაგრამ არავის იგი აქამდე დიდ ჯენტლმენობაში არ დაუდანაშაულებია“ – თქვა მის შესახებ ჩერჩილმა კერძო საუბარში. მისი კრიტიკის სიზუსტე მალე გახდა საზოგადოების ყურადღების საგანი. თუმცა კრიტიკა მეტწილად სამართლიანი იყო, მასზე საზოგადოების რეაქცია ერთმნიშვნელოვანი არ ყოფილა, პუბლიცისტის პოზიცია და გულახდილობა უმცროსი ოფიცრის სამსახურეობრივ მოვალეობას ვერ შეეწყო.

კამპანიის დასრულების შემდეგ ჩერჩილი ბრუნდება ინდოეთში, რათა მონაწილეობა მიიღოს საერთონაციონალურ პოლოს ტურნირში. მოკლევადიანი შესვენების დროს ის რამდენიმეჯერ ჩნდება კონსერვატორების მიტინგზე ინგლისში. პრაქტიკულად ტურნირის დასრულებისთანავე, სადაც მისმა გუნდმა დაძაბულ ფინალში გაიმარჯვა, 1899 წლის მარტში ის სამხედრო საქმეს თავს ანებებს.

ქორწინება

რედაქტირება
 
კლემენტინ ჰოზიერი

ჩერჩილი თავის მომავალ მეუღლეს, კლემენტინ ჰოზიერს, 1904 წელს წვეულებაზე შეხვდა. 1908 წლის 12 სექტემბერს მან იქორწინა. „ჩემი ყველაზე წარმატებული გარიგება ჩემს მეუღლესთან შედგა, როცა ის ცოლობაზე დავითანხმე“ - წერს ჩერჩილი.[1] ჩერჩილს 5 შვილი ჰყავდა: დიანა, რანდოლფი, სარა, მერიგოლდი, მერი. მერიგოლდი 3 წლის ასაკში სეფსისის დაავადებით დაიღუპა. ჩერჩილი მრავალშვილიანობის მომხრე იყო და ამბობდა, რომ „ოჯახს უნდა ჰყავდეს სულ მცირე 4 შვილი: 1 დედისთვის, 1 მამისთვის, 1 სამშობლოსთვის და 1 უბედური შემთხვევისთვის.“

დებიუტი პოლიტიკაში

რედაქტირება

სამხედრო სამსახურის თავის დანებების პერიოდში, ჩერჩილმა გარკვეულ წრეებში მოიპოვა სახელი, როგორც ჟურნალისტმა, მისი წიგნი კი, სუდანურ კამპანიაზე, „ომი მდინარეზე“ (ინგლ. The River War) ბესტსელერი გახდა.

1899 წლის ივლისში მან წინადადება მიიღო კენჭი ეყარა პარლამენტში კონსერვატიული პარტიიდან ოლდჰემში. პირველი მცდელობა დაეკავებინა ადგილი თემთა პალატაში წარუმატებელი აღმოჩნდა, მაგრამ არა ჩერჩილის მიზეზით: ოლქში ნონკონფორმისტები მომძლავრდნენ და ამომრჩევლებიც უკმაყოფილონი იყვნენ კონსერვატორების ინიციატივით მიღებული ახალი კანონით „კანონი საეკლესიო წილზე“ (ინგლ. The Clerical Tithes Bill), რომლის მიხედვითაც ანგლიკანური ეკლესია ადგილობრივი გადასახადებიდან ფინანსდებოდა. ჩერჩილმა წინასაარჩევნო კამპანიაში განაცხადა, რომ ის ამ კანონს არ ეთანხმებოდა, მაგრამ მისმა განცხადებამ არ იქონია გავლენა შედეგზე და ორივე მანდატი ოლდჰემიდან ლიბერალებს დარჩათ.

1900 წელს ჩერჩილი შევიდა პარლამენტში, როგორც პატარა მანჩესტერული ქალაქის ოლდჰემის კონსერვატიული პარტიის წევრი. ის პოლიტიკოს მამასთან იზიარებდა არა მარტო პროფესიას, არამედ მის სწრაფვას დამოუკიდებლობისაკენ, რის შედაგადაც ის გახდა სოციალური რეფორმის მომხრე. ჩერჩილი არ თვლიდა, რომ კონსერვატიული პარტია საკმარის ყურადღებას აქცევდა სოციალურ სამართალს და ამიტომ 1904 წელს ის ლიბერალი გახდა. ის მალევე, 1908 წელს მეორედ შევიდა პარლამენტში, მან ამ დროს ასევე დაიკავა ვაჭრობის განყოფილების პრეზიდენტის პოსტი პრემიერ-მინისტრის კაბინეტში. ამ ახალ თანამებობაზე იგი შეურთდა ახალ დანიშნულ კანცლერ ლოიდ ჯორჯს ბრიტანული საზღვაო ფლოტის გაფართოების წინააღმდეგ პროტესტის გამოთქმაში. ასევე 1908 წელს მან გაატარა ციხეების სისტემის რამდენიმე ახალი რეფორმა. ჩერჩილმა მონაწილეობა მიიღო ახალი საბიუჯეტო სისტემის შექმნაში, რომელიც მდიდრების მეტად, ხოლო ღარიბების ნაკლებად დაბეგრვას გულისხმობდა. თუმცა ამ რეფორმას დიდი წინააღმდეგობა შეხვდა ლორდთა პალატის მხრიდან. 1913 წელს მან ასევე შექმნა სულიერად ავადმყოფი ადამიანებისათვის უდანაშაულობის შემნარჩუნებელი სადავო დოკუმენტი. დროთა განმავლობაში ამ დებულებამ ორივე პალატისგან მიიღო ლეგიტიმაცია მინიმალური უთანხმოების პირობებში.

1911 წელს, ჩერჩილმა საკუთარი ძლიერი სახე გამოაჩინა, როდესაც ის ეწვია ლონდონში პოლიციის ალყას. პოლიციას ალყა შემოერტყა იმ სახლისთვის, რომელშიც ორი მძარცველი იმყოფებოდა. ჩერჩილის როლი ამ პროცესში დღესაც გაურკვეველია. ერთადერთი, რაც ცალსახად ცნობილია არის ის, რომ ალყის დროს სახლს ცეცხლი წაეკიდა და ჩერჩილმა მეხანძრეებს მისი ჩაქრობა აუკრძალა, რადგან მას ერჩივნა ხალხი დამწვარიყო, ვიდრე ოკუპანტების გადასარჩენად უდანაშაულო მოქალაქეების სიცოცხლები საფრთხეში ჩაეგდო. მძარცველების უსიცოცხლო სხეულები დამწვარი სახლის ნანგრევებში იპოვეს.

საზღვაო საქმეების სასამართლოში მუშაობისას ჩერჩილმა გაატარა შემდეგი რეფორმა: მან ბრძანა სამხედრო გემების აწყობა ზეთზე მომუშავე ძრავის ნაცვლად ნახშირზე მომუშავე ძრავით, რითაც მოახერხა ფლოტის მოდერნიზაცია. მისი დამსახურებით შეიქმნა სამხედრო ავიაცია და დაარსდა სამეფო საზღვაო და სახმელეთო მიმოსვლის სერვისი. ის ისეთი აღფრთოვანებული იყო ავიაციასთან დაკავშირებით, რომ მან გაიარა რამდენიმე გაკვეთილი, რათა თავად გაეგო სამხედრო ფლოტის პოტენციალი. მიუხედავად იმისა, რომ იგი პირდაპირ არ იყო ჩართული გალიპოლის საშინელ ბრძოლში, ჩერჩილი გადადგა, რადგან თავს დამნაშავედ გრძნობდა მოლოდინების ვერ გამართლების გამო. მოკლე პერიოდში, ის კვლავ უერთდება ბრიტანეთის არმიას და ხდება „Royal Scots Fusiliers“-ის მეთაური დასავლეთ ფრონტზე. 1917 წელს, ომის ბოლო პერიოდში, ის დაინიშნა სამხედრო მომარაგების მინისტრად და განაგებდა სამხედრო საქონლის წარმოებას.

1919-დან 1922-წლამდე, ის იყო პრემიერ-მინისტრის, დევიდ ლოიდ ჯორჯის, კოლონიური მდივანი. როგორც კოლონიური მდივანი, ჩერჩილი გაერია კიდევ ერთ დაპირისპირებაში, როდესაც მან ბრძანა საჰაერო ძალების გამოყენება აჯანყებული ქურთი ტომების წინააღმდეგ, რომლებიც იმყოფებოდნენ ერაყში, ბრიტანელების მიწებზე. ერთ მომენტში, მან გამოთქვა ვარაუდი, რომ გამოეყენებინათ მომწავლავი გაზი მეამბოხეების წინააღმდეგ, ეს იდეა არ განხორციელებულა, მიუხედავად იმისა, რომ დაბომბვამ ვერ შეძლო აჯანყების დამთავრება.

ლიბერალურ პარტიაში განხეთქილებებმა გამოიწვიეს ჩერჩილის, როგორც პარლამენტის წევრის, დამარცხება და 1922 წელს ის გადავიდა კონსერვატიულ პარტიაში. პოლიტიკური შეხედულების ხშირ ცვალებადობასთან დაკავშირებით ის ასეთ კომენტარ აკეთებს: „თუკი კაცი 30 წლამდე ლიბერალი არაა, გული არ ჰქონია, ხოლო ის, ვინც 30 წელს გადააბიჯა და ჯერ კიდევ არ გამხდარა კონსერვატორი, უბრალოდ უტვინო ყოფილა“. იგი მსახურობდა ხაზინის კანცლერად და შეძლო ბრიტანეთის დაბრუნება ოქროს სტანდარტებზე. მან განიცადა მძიმე პერიოდი მუშების გაფიცვის დროს, რაც ბრიტანეთის ეკონომიკის დასუსტების საფრთხეს ქმნიდა. 1929 წელს კონსერვატიული პარტიის დამარცხების შემდეგ, ჩერჩილი მთავრობის გარეთ დარჩა. მომდევნო წლებში მან კონცენტრაცია მწერლობაზე გადაიტანა და გამოსცა „ინგლისურად მოლაპარაკე ხალხის ისტორია“ .[2]

ანგლო–ბურული ომი

რედაქტირება

1899 წლის შემოდგომისთვის ბურის რესპუბლიკებთან ურთიერთობა მკვეთრად გაუარესდა და როდესაც სექტემბერში ტრანსვაალმა და ნარინჯისფერმა რესპუბლიკამ, ინგლისის წინადადებაზე, ოქროს საბადოზე მომუშავე ინგლისელ მუშებს ჰქონოდათ საამომრჩევლო უფლებები, განაცხადეს უარი, ნათელი გახდა რომ ომი გარდაუვალი იყო.

18 სექტემბერს „დეილი მეილის“ მფლობელებმა ჩერჩილს შესთავაზეს წასულიყო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში სამხედრო კორესპონდენტის რანგში. ჩერჩილმა „დეილი მეილს“ პასუხი არ დაუბრუნა და ამ წინადადებით „მორნინგ პოსტის“ რედაქტორს მიმართა, რომელთანაც სუდანის კამპანიის დროს მუშაობდა. პასუხად რედაქტორმა თვიური ხელფასი 250 ფუნტის სახით და ყველანაირი ხარჯის დაფარვა შესთავაზა. ეს იყო დიდი თანხა (თითქმის 8 ათასი ფუნტი თანამედროვე ექვივალენტით), ყველაზე მეტი ვიდრე ოდესმე შეუთავაზებიათ ჟურნალისტისთვის და ჩერჩილიც უყოყმანოდ დასთანხმდა. ის ინგლისიდან 14 ოქტომბერს გაემგზავრა, ომის დაწყებიდან ორი დღის შემდეგ.

15 ნოემბერს ჩერჩილი გაჰყვა დაზვერვით რეიდს ჯავშნიანი მატარებლით, რომელსაც კაპიტანი ჰოლდეინი (ინგლ. Haldane) მეთაურობდა, ნაცნობი მალაკანდიდან. ცოტა ხანში მატარებელი ბურების არტილერიამ დაცხრილა. ცეცხლიდან სწაფად თავის დახსნის მცდელობისას, მატარებელი უკანა სვლით დიდი სიჩქარით შეასკდა რიყის ქვებს, რომლითაც გადაკეტილი იყო რკინიგზა.

ჩერჩილი გზის გაწმენდის სამუშაოებს ხელმძღვანელობდა, ჰოლდეინი ცდილობდა უზრუნეველყო თავდაცვა მომუშავეთათვის. თვითმხილველთა გადმოცემით, ჩერჩილი უშიშრად მოქმედებდა ცეცხლის ქვეშ, მაგრამ როდესაც გზა გაიწმინდა, გამოირკვა, რომ წამყვანი ვაგონის გზა გადაჭრილი იყო ტყვიამფრქვევით და ერთადერთი რაც ჰოლდეინს შეეძლო გაეკეთებინა - ეს მძიმედ დაჭრილებით ორთქმავლის დატვირთვა და უკან გაგზავნა იყო. დაახლოებით 50 ინგლისელი დარჩა მტრის შეუჩერებელი ძალის წინააღმდეგ. ბურებმა ჰოლდეინი ჯარისკაცებთან ერთად ტყვედ აიყვანეს. ჩერჩილი გაქცევას შეეცადა, მაგრამ იგი მტრის კავალერისტებმა შეაჩერეს. ტყვეები ომის ტყვეთა საერთო ბანაკში მოათავსეს, რომელიც სახელმწიფო სკოლა პრეტორიაში იყო მოწყობილი.

მეორე მსოფლიო ომი და მისი შემდგომი პერიოდი

რედაქტირება

1933 წელს, როდესაც ადოლფ ჰიტლერი კანცლერად ინიშნება, ჩერჩილი ბრიტანეთის ხელახლა შეიარაღების იდეით გამოდის. 1938 წლისთვის, გერმანია ითხოვს სუდეტის ოლქის გადაცემას: ბრიტანეთის პრემიერი, ნევილ ჩემბერლენი, აგრესორის დაშოშმინების პოლიტიკის ფარგლებში ჰიტლერის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, რასაც ჩერჩილი სასტიკად ეწინააღმდეგება. 1939 წლის სექტემბერში ჩერჩილი საადმირალოში პირველ ლორდად დანიშნეს. 1939 წლის პირველ სექტემბერს იწყება მეორე მსოფლიო ომი. გერმანია თავს ესხმის პოლონეთს, 17 სექტემბერს მას აღმოსავლეთიდან უერთდება საბჭოთა კავშირი. ამის შემდეგ სსრკ იწყებს ომს ფინეთთან, ხოლო 1940 წელს იერთებს ბალტიისპირეთის ქვეყნებს და ბესარაბიის ოლქს. ინგლისი და საფრანგეთი ომს უცხადებს გერმანიას, თუმცა აქტიურ საბრძოლო მოქმედებებს არ აწარმოებენ: მიმდინარეობს ე.წ „უცნაური ომი“. ამ პერიოდში ჩერჩილი აირჩიეს საზღვაო მინისტრად და ომის კაბინეტის წევრად. 1940 წლის აპრილისთვის, იგი გახდა სამხედრო საკოორდინაციო კომიტეტის თავმჯდომარე. იმავე თვეში გერმანია შეიჭრა ნორვეგიაში და დანიაში. ვითარება ჩემბერლენის საწინააღმდეგოდ მოქმედებდა, რამდენადაც მან უარყო ჩერჩილის წინადადება, რომ ბრიტანეთს გერმანიის აგრესიისთვის ეპასუხა ნორვეგიული რკინის საბადოების რესურსების მიწოდებისა და საზღვაო პორტების გამოყენების შესაძლებლობის შეზღუდვით.

პრემიერ-მინისტრობა პირველი ვადით (1940-45)

რედაქტირება

1940 წლის მაისში, პარლამენტში გამართულმა დებატებმა ნორვეგიული კრიზისის შესახებ ჩემბერლენისადმი ნდობის შერყევა გამოიწვია. 1940 წლის 10 მაისს, მეფე ჯორჯ VI-მ, ჩერჩილი პრემიერ მინისტრად და თავდაცვის მინისტრად დანიშნა. მეტად სენტიმენტალურად აღწერს ამ ფაქტს ჩერჩილი თავის ნაშრომში „მეორე მსოფლიო ომი“: „10 მაისის ღამეს მე მივიღე უმაღლესი ძალაუფლება სახელმწიფოში, იმ ღამით 3 საათზე დავიძინე, საოცარად იმედიანად ვგრძნობდი თავს, ისე მიმაჩნდა თითქოს მთელი განვლილი ცხოვრება იყო მზადება ამ მომენტისათვის. ჩემი გაფრთხილებები ბოლო 6 წლის განმავლობაში იმდენად გამართლდა, რომ ახლა ვერავინ შემეწინააღმდეგება.“ თავდაპირველად მინისტრები მას სკეპტიკურად უყურებდნენ, მაგრამ ჩერჩილმა ეს ეჭვები თავისი შრომისუნარიანობით მალევე გაფანტა.[3]

ჩერჩილმა სასწრაფოდ ჩამოაყალიბა კოალიციური კაბინეტი, რომელშიც გააერთიანა ლიდერები ლეიბორისტული, ლიბერალური და კონსერვატიული პარტიებიდან. მან წამყვან პოზიციებზე ინტელიგენტი და ნიჭიერი ადამიანები დანიშნა. ჩერჩილი ნაცისტების დომინირებას წარმატებით უმკლავდებოდა, მან საფუძველი დაუდო ბრიტანეთი-აშშ- საბჭოთა კავშირის ალიანსს. 1930-იან წლებში ჩერჩილს ჰქონდა ურთიერთობა ამერიკის პრეზიდენტთან, ფრანკლინ რუზველტთან, რომელიც 1941 წლის მარტში ლენდ-ლიზის პროგრამაში ჩაერთო, რაც ამერიკის მიერ ბრიტანეთისათვის საბრძოლო საქონლის მიწოდებას გულისხმობდა.[2]

 
ჩერჩილი, რუზველტი, სტალინი, იალტის კონფერენცია

1941 წლის დეკემბერს, მეორე მსოფლიო ომში ამერიკის შეერთებული შტატების ჩართვის შემდეგ, ჩერჩილი დარწმუნდა, რომ ალიანსი ომს მოიგებდა. მომდევნო თვეებში იგი აქტიურად მუშაობდა ამერიკის პრეზიდენტ რუზველტთან და საბჭოთა კავშირის ლიდერ იოსებ სტალინთან ერთად. თეირანის (1943 წელი), იალტის (1945 წლის თებერვალი) და პოტსდამის (1945 წლის ივლისი) შეხვედრებზე, ჩერჩილი შეხვდა მოკავშირეთა ლიდერებს, რათა მათთან ერთად განეხილა გაერთიანებული სტრატეგია ღერძის სახელმწიფოების წინააღმდეგ, ემსჯელა ომგამოვლილი სამყაროს შემდგომ მიზნებზე, კერძოდ კი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (ინგლ. United Nations - UN) შექმნის პერსპექტივებზე. მას შემდეგ, რაც ომი დაწყნარდა, ჩერჩილმა წამოაყენა წინადადება ბრიტანეთში სოციალური რეფორმების გატარების საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ვერ მოახერხა საზოგადოების დარწმუნება. იგი დამარცხდა საყოველთაო არჩევნებში 1945 წლის ივლისში.[2]

ოპოზიციაში (1945-51)

რედაქტირება

შემდგომი 6 წლის განმავლობაში ჩერჩილი ოპოზიციაში იყო. მიუხედავად ამისა, მას კვლავ ჰქონდა გავლენა საერთაშორისო ურთიერთობებზე. 1946 წლის მარტში, როდესაც  ამერიკაში იმყოფებოდა, იგი გამოვიდა სიტყვით, ეს იყო გამაფრთხილებელი სიტყვები, რომელიც ეხებოდა „რკინის ფარდას“ და  საბჭოთა კავშირის გავლენას აღმოსავლეთ ევროპაზე.

პრემიერ-მინისტრობა მეორე ვადით (1951-55)

რედაქტირება

1951 წლის საყოველთაო არჩევნების შემდეგ, ჩერჩილი დაუბრუნდა ხელისუფლებას. იგი დაინიშნა თავდაცვის მინისტრად, ხოლო 1951 წლის ოქტომბერში პრემიერად. 1953 წელს ჩერჩილს მიენიჭა რაინდის წოდება დედოფლის, ელისაბედ II-ს მიერ.

1954 წელს ჩერჩილმა „Mines and Quarries“ აქტი, ხოლო 1955-ში განსახლებისა და საცხოვრებლების აღდგენის რეფორმები წარმოადგინა. პირველი მათგანი მიზნად ისახავდა საბადოებში სამუშაო პირობების გაუმჯობესებას. თუმცა ეს საშინაო რეფორმები გადაფარა კოლონიებში კრიზისულმა ვითარებებმა, კერძოდ კი, კენიასა და მალაიზიაში, სადაც ჩერჩილმა ბრძანა პირდაპირ სამხედრო მოქმედებებზე გადასვლა. მიუხედავად აჯანყებების წარმატებით ჩახშობისა, ცხადი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთი დიდხანს ვეღარ შეინარჩუნებდა კოლონიებზე გამგებლობას.[2]

ორატორობის ნიჭი

რედაქტირება
 

უინსტონ ჩერჩილს კარგად ჰქონდა გააზრებული  სიტყვის ძალა. ჯერ კიდევ 22 წლის ასაკში წერს: „კაცისათვის მომადლებულ ნიჭთაგან, არცერთი არაა ისეთი ძვირფასი, როგორც ნიჭი ორატორობისა, ის ვინც მას ფლობს, აქვს ძალაუფლება უფრო მტკიცე ვიდრე მეფეს“. სახალხო გამოსვლებში წარმატების მისაღწევად ბევრი შრომა და წინააღმდეგობის გადალახვა მოუწია. განსხვავებით სხვა მრავალი თანამდებობის პირისაგან, ტექსტს ის თავად წერდა, შემდგომ კი საათების განმავლობაში ემზადებოდა, სწავლობდა და გამოთქმას ამუშავებდა. მისი გადმოცემის სტილი ხშირად ზედმეტად მაღალფარდოვნად და მოძველებულადაც კი მოიაზრებოდა, თუმცა მეორე მსოფლიო ომში განვითარებულ დრამატულ მოვლენებს შესანიშნავად შეესაბამებოდა ჩერჩილის ხატოვანი მეტაფორები და ინტონაცია. ის ახალგაზრდობიდან წერდა სტატიებს ჟურნალებისათვის, წიგნებს საკუთარ გამოცდილებიდან გამომდინარე. მისი ნიჭის კიდევ ერთი მტკიცებულებაა 1953 წლის ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში.

1940 წლისთვის გერმანულმა არმიამ დაიპყრო ნიდერლანდები, ბელგია და ლუქსემბურგი. ორი დღის შემდეგ გერმანელები საფრანგეთში შეიჭრნენ. დიდი ბრიტანეთი მარტო დარჩა. ამ ვითარებაში კი ხალხი გადაწყვეტილებას ჩერჩილისაგან ელოდა 18 ივნისს, 1940 წელს, ჩერჩილმა თემთა პალატაში წარმოთქვა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიტყვები, იგი აფრთხილებდა დამსწრე საზოგადოებას, რომ „ბრიტანეთის ბრძოლა“ სულ მალე დაიწყებოდა. მოხსენებას საკმაოდ ბეჯითად ამზადებდა ჩერჩილი, არქივში შემონახული მოხსენების ტექსტი სავსეა მისი ხელნაწერი ჩანიშვნებით, შესწორებებით. ამ გამოსვლამ ხალხს მოტივაცია, ხოლო ჩერჩილს პოპულარობა, აღიარება და ივლისში ჩატარებული გამოკითხვის (Gallup poll) ხმათა 88 % მოუტანა.

ბოლო წლები და გარდაცვალება

რედაქტირება

ჩერჩილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება ცხადი ჯერ კიდევ 1941 წელს, მისი თეთრ სახლში ვიზიტის დროს, გახდა. მას ჰქონდა მსუბუქი გულის შეტევა, რომელიც 1943 წელს კვლავ გაუმეორდა. 1953 წლის ივლისში, 78 წლის ასაკში, მას შეტევები გაუმეორდა საკუთარ ოფისში ყოფნის დროს. იგი დროებით ჩამოშორდა საქმიანობას, რათა ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის მიეხედა და მხოლოდ ოქტომბრისთვის დაუბრუნდა პრემიერ-მინისტრის პოსტს. ჩერჩილი ამჩნევდა, რომ იგი ფიზიკურად და მენტალურად გამოფიტული იყო. მან პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა 1955 წელს, თუმცა იგი კვლავ რჩებოდა პარლამენტის წევრად იქამდე, სანამ ახალი არჩევნები არ ჩატარდა 1964 წელს, რომელშიც მას მონაწილეობა აღარ მიუღია.

საზოგადოებაში ვრცელდებოდა ხმები, რომ ჩერჩილი იტანჯებოდა ალცჰაიმერით სიცოცხლის ბოლო წლებში, მაგრამ ბევრი სამედიცინო ექსპერტის აზრით, მისი მდგომარეობა განპირობებული იყო გულის შეტევებით.

 
ჩერჩილის საფლავი, ვუდსტოკი

პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, ჩერჩილი პენსიონერის ცხოვრებით ცხოვრობდა. სვამდა საყვარელ კონიაკს და გაუთავებლად ეწეოდა კუბურ სიგარებს. ჩერჩილი მთელი ცხოვრება, ომის დროსაც კი, ყიდულობდა კუბიდან სიგარებს. სახლში მათ ერთი სპეციალური ოთახი ჰქონდათ დათმობილი. ეს იყო ნამდვილი საწყობი. თუ სიგარების რაოდენობა 3 ათასს ჩამოსცილდებოდა, მარაგის შესავსებად ჩერჩილი სასწრაფოდ ახალ პარტიას იძენდა.

როდესაც მას სთხოვეს აეხსნა, თუ როგორ მიაღწია ასეთ ხანდაზმულ ასაკს, მისი არაჯანსაღი ცხოვრების წესისა და ინტენსიური პოლიტიკური საქმიანობის გათვალისწინებით, ჩერჩილმა ასეთი პასუხი გასცა: „ჭამეთ, სვით და მოწიეთ სიგარა რამდენიც გნებავთ. და ყველაზე მთავარი - არავითარი სპორტი!“

1965 წლის 15 იანვარს ჩერჩილს კვლავ გაუმეორდა რამდენიმე შეტევა, რომელმაც მის ჯანმრთელობაზე სერიოზული გავლენა იქონია. იგი გარდაიცვალა 9 დღის შემდეგ, ლონდონში, საკუთარ სახლში, 90 წლის ასაკში. 90 წლის წინ გაზეთმა „თაიმსმა“ პირველ გვერდზე ბრიტანეთს უინსტონ ჩერჩილის დაბადების შესახებ ამცნო, იგივე გაზეთი ამჟამად უკვე მისი გარდაცვალების ცნობას პირველ გვერდზე აქვეყნებდა. ინგლისში გლოვა გამოცხადდა. ჩერჩილი დაკრძალულია წმინდა მარტინის ტაძარში, ვუდსტოკში.[2]

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. Soames
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 http://www.biography.com/people/winston-churchill-9248164
  3. Sheila Lawlor-Churchill and the Politics of War 1040-1941, Cambridge University Press